გიორგი რუხაძე – იმ კონსპირაციულ თეორიებს რომ დავუჯეროთ, რასაც „ოცნება“ ამბობს, ხელისუფლებისთვის უარესია – გამოდის, „ნაცმოძრაობა“ ახერხებს, რომ ტყუილი მოახვედროს მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში და შენ რას ახერხებ, როგორც ხელისუფლება?

წინა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე რას აკეთებდა და ამბობდა, ეს უკვე გავლილი გვაქვს. ხანდახან სჯობს, რომ საერთოდ არაფერი თქვა. მე მგონია, რომ ახალი პრემიერი წინა პრემიერისგან განსხვავებით უცოდინარი და უვიცი არ არის, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, როდესაც ისაუბრა მიუნხენის კონფერენციაზე და მის მნიშვნელობაზე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არწასვლას მიუნხენის კონფერენციაზე, რუხაძის შეფასებით, მისი გასარჩევი არ არის, რატომ არ წავიდა კონფერენციაზე, მაგრამ საქართველო რომ აღნიშნულ კონფერენციაზე პრემიერის დონეზე არ არის წარმოდგენილი, ეს ცუდია.
„მეორეს მხრივ, შეიძლება ეს კარგიც არის, იმიტომ რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი. წინა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე რას აკეთებდა და ამბობდა, ეს უკვე გავლილი გვაქვს. ხანდახან სჯობს, რომ საერთოდ არაფერი თქვა. მე მგონია, რომ ახალი პრემიერი წინა პრემიერისგან განსხვავებით უცოდინარი და უვიცი არ არის, მაგრამ ამისგანაც არ არის გამორიცხული რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც შემდეგ იგივე საქართველოს პერსპექტივას დააზიანებს ან მიივე საკუთარ ვიზიტს დააზიანებს ბრიუსელში. შესაბამისად, მედალს ორი მხარე აქვს“-განაცხადა გიორგი რუხაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის შეფასებით, აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რომელშიც რეალურად ჩანს ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი კონტურები. მისი თქმით, ანგარიშში მთავარი საქართველო არ არის, თუმცა, ის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და პირველი ეხება აღმოსავლეთ ევროპას, რომელსაც ჰქვია „ნაცრისფერი ზონების ჩრდილები“ .
„მთელი არსი იხატება იმაში, რომ მას შემდეგ, რაც ში შეიჭრა, დასავლეთი მივიდა დასკვნამდე, რომ უსაფრთხოების ის სისტემა, კოოპერაციული სისტემა – რუსეთი და ჩინეთი პარტნიორები იყვნენ, ეს იდეა ჩავარდა. რუსეთი დღეს უკვე დასავლეთის მტერია და შესაბამისად, თავდაცვის ის ძველი მეთოდები, რომელიც აქამდე არსებობდა, აღარ გამოდგება, ოღონდ ახალი მეთოდი არის შემდეგი – ამ ნაცრისფერი სივრცის, რუსეთსა და ევროკავშირს შორის, მაქსიმალური შევიწროება უნდა მოხდეს და საბოლოოდ გაქრეს. ეს არის უსაფრთხოების არქიტექტურის კონტურები. უკვე ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით მოიაზრება ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის სტრატეგიულ ნაწილად და ამიტომ არის ეს ყველაფერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ევროკავშირი და ზოგადად ცივილიზებული დასავლეთი ამბობს, რომ უსაფრთხოების ჩვენი პოლიტიკა იქნება შემდეგნაირი – რუსეთსა და ჩვენ შორის შევეცდებით არ დავტოვოთ რუხი ზონა, ამისთვის გამოვიყენებთ ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოებას, როგორც იარაღს. გამოდის, რომ აბსოლუტურად შეიცვალა ის ყველაფერი, რაც იყო 10 წლის წინ და თუ დასავლეთი ამბობდა, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ რუსეთთან და ეს რუხი ზონები, რაც იქნება, მისაღები იქნება ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც, ახლა, ასე აღარ არის. ამ კონტექსტში ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო რაღაცნაირად წარმოჩენილია ამ რუხი „ზონის ნაწილად“, რომელიც ახლა იქიდან უნდა ამოათრიონ, მაგრამ თვითონ საქართველო აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც დასავლეთს საქმეს ურთულებს“-განაცხადა რუხაძემ.
მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, მიუნხენის კონფერენციის ანგარიშთან დაკავშირებით.
„მართლაც რომ კონსპირაციული თეორიების დავიჯეროთ და ვთქვათ, „ნაცმოძრაობამ“ აჯობა და საქართველოსთვის ცუდი რაღაც ჩააწერინა მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს უარესია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არის ტყუილი. ე.ი. ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ტყუილი“ არ ჩაწერილიყო ამ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში. ეს ასე არ არის, სამწუხაროდ, ეს არის სიმართლე. გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ ახერხებს, რომ ტყუილი მოახვედროს მიუნხენის კონფერენციისა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში და შენ რას ახერხებ, როგორც ხელისუფლება?მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და მიუნხენის კონფერენციის ანგარიშთან არაფერ შუაში არ არიან არც ევროპარლამენტარები, არც „ნაცმოძრაობა“ და არც სხვა ვინმე“, -განაცხადა გიორგი რუხაძემ და აღნიშნა,რომ ამგვარი საუბარი თავის მოტყუებაა.
„აღარ მახსოვს, ვინ ლაპარაკობდა, მგონი, ივანიშვილის კარის ფილოსოფოსი, რომ მსოფლიოს თურმე ხუთი ოჯახი მართავს და მიუნხენის კონფერენციის ანგარიშსაც ისინი არედაქტირებენ, ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს არადემოკრატიული ხელისუფლება და მენტალურად ვერ აღიქვამს, როგორ მუშაობს დემოკრატია. იმას ჰგონია, რომ იქაც ვიღაც ბიძინა უნდა იჯდეს და უთხრას: “ეს ჩაწერეთ”, “ის ამოიღეთ”, “ჩვენ უკვე შევრიგდით”, “არაფერი ცუდი არ დაწეროთ” – ეს ასე არ არის“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს