ნუ მიყვირი, შენი აქ არავის ეშინია, მით უმეტეს, მე! – ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს საქმის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა.
სხდომაზე, სადაც პროკურატურის მოწმე გამომძიებელს კითხავენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დაცვის, ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის, რის გამოც სასამართლოში 5-წუთიანი შესვენებაც გამოცხადდა.
„შენი შეშინება რომ მინდოდეს, სხვანაირად ვისაუბრებდი…მკვლელი რომ ხარ, ისიც გეყოფა“, – მიმართა ახობაძემ პროკურორს, რის შემდეგაც გობეჯიშვილმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა პროკურორს უზრდელი უწოდა.
„ამის შეურაცხყოფას უნდა ვუსმინო? ვინაა უზრდელი აბა? თავი შეიკავე, ასეთი ფრაზები არ მითქვამს“, – მიმართა პროკურორმა ადვოკატს.
შესვენების შემდეგ პროცესი კვლავ მოწმის დაკითხვით განახლდა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
