გიგი უგულავა – მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, განსაკუთრებით წყალტუბო

მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული არის წყალტუბო,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე წყალტუბოს მოსახლეობა მხარს ხელისუფლების ცვლილებას დაუჭერს.
„ყველას ახსოვს 2019 წელს დაპირება, რომ აქ სამოთხე უნდა აეშენებინათ, ყველა სანატორიუმი უნდა მუშაობდეს, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ თითი თითზე არავის დაუკარებია და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. აბსოლუტურად ყველაფერი გააჩერეს, ერთადერთი სკვერი, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით, ს პრეზიდენტობის დროს დაიწყო, კოსმეტიკურად დაამთავრეს. რაც მთავარია, კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. თუ რამე გაკეთდა, ისევ მიხეილ სააკაშვილის დროს და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ამიტომ, წყალტუბო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება აქაურობას ძველი დიდება დაუბრუნდეს და ახალი სიცოცხლე, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“,- განაცხადა უგულავამ.
მისი განმარტებით, მოსახლეობა სოფელს უნდა დაბრუნდეს და სოფლის მეურნეობა აღდგეს.
„26 ოქტომბერს, წყალტუბო, რომელიც ტრადიციულად, „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილია, კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს თავს, რადგან ყველაზე ნათელი მაგალითია სამოთხე როგორ უნდა აქციო მიტოვებულ ჯოჯოხეთად. ხალხი ცხოვრობს, ალამაზებს აქაურობას, უბრალოდ, მთავრობა არაფერში გვერდით არ უდგას”,- განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის კომენტარსაც “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ