გაიწვიეთ სრულიად დამღუპველი და ერის შეურაცხმყოფელი კანონი – მეცნიერები და აკადემიური პერსონალი “ოცნებას”

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” მიმართავს, გაიწვიონ პარლამენტიდან “აგენტების კანონი”. ამ მოთხოვნით, ისინი პეტიციას ავრცელებენ.
“მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს”, – წერია პეტიციაზე თანდართულ ტექსტში.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება “საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა…”
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ასევე დაგაინტერესებთ