„ბუდეს“ თოჯინების წარმოების გასაზრდელად კადრების პოვნა უჭირს

მხატვარმა ნუცა ბლუაშვილმა ხელნაკეთი თოჯინები ბრენდი „ბუდე“ პანდემიის შემდეგ შექმნა. „ბუდეს“ თოჯინები ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებითაა იყიდება. ნუცა ბლუაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პერსონიფიცირებული თოჯინების ფასი საშუალოდ 60-დან 80 ლარამდეა და მათი ზომა 25 სმ-მდეა.
„2015 წელს ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია გავხსენით. თავიდან ეს ფიგურები არ იყო პერსონიფიცირებული. გამოხმაურება დიდი ჰქონდა, ხან ვის, ხან ვის ამსგავსებდნენ ფიგურებს და მოგვიანებით შეკვეთების მიღება დავიწყეთ, თანდათან მეტი დეტალი დავამატეთ, უფრო დაიხვეწა ტექნიკურად, უფრო მრავალფეროვანი გახდა და მოთხოვნაც გაიზარდა« – ამბობს ნუცა ბლუაშვილი.
მხატვარი იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდში მაღაზიის დახურვა მოუწიათ და იმის შემდეგ ონლაინ ყიდიან პროდუქციას.
„პანდემიის პერიოდში დავხურეთ მაღაზია, მას შემდეგ ონლაინ ვმუშაობთ, სახელოსნო გვაქვს, ვიღებთ შეკვეთებს და სოციალური ქსელების საშუალებით ვყიდით. სანამ მაღაზია გვქონდა, საკმაოდ მოვიზიდეთ კლიენტები და ამის შემდეგ ონლაინაც კარგად აეწყო გაყიდვები.
სათამაშოების ფასი ინდივიდუალურია სირთულის მიხედვით. ზრდასრული ადამიანის თოჯინას ფასი 80 ლარიდან იწყება, ბავშვების 60 ლარიდან. ზოგს ბევრი ნივთი აქვს, ზოგს ნაკლები – სხვადასხვა თანხა ემატება. მათი ზომა 25 სანტიმეტრამდეა“, – ამბობს ნუცა ბლუაშვილი.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ის არის, რომ უჭირთ „ხელმარჯვე ოსტატების“, პროფესიონალების პოვნა, ვინც წარმოების გაზრდაში დაეხმარებოდათ. ამიტომ, ამ ეტაპზე ბიზნესის გაფართოებაზე არ ფიქრობენ, კონცენტრირებული არიან წარმოების გაზრდაზე.
„ჯერჯერობით მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, რადგან ონლაინ ისე კარგად მიდის გაყიდვები, გვირჩევნია წარმოება გავზარდოთ, რადგან მოთხოვნა ყოველთვის ბევრად მეტია, ვიდრე მიწოდება და ცოტა გვიჭირს კადრები, რადგან ტექნიკურად ცოტა რთული გასაკეთებელია ეს სათამაშოები. ახლა 4 ადამიანია დასაქმებული, რთულია „ხელმარჯვე ოსტატების“ პოვნა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა არის“, – ამბობს ნუცა ბლუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ