ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის – WB-ს ანგარიში

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე.
გლობალური ზრდა პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 2.6%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025-26 წლებში 2.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია პანდემიამდელი ათწლეულის 3.1%-იან საშუალო მაჩვენებელზე. ქვეყნებში, რომლებზეც ერთობლივად მსოფლიოს მოსახლეობის და მთლიანი შიდა პროდუქტის 80% მოდის, 2024-26 წლებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ გაცილებით ნელა გაგრძელდება, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში.
ზოგადად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში საშუალოდ 4% იქნება, რაც ოდნავ ნაკლებია 2023 წლის მონაცემზე. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 2024 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა 5%-მდე, 2023 წელს არსებულ 3.8%-თან შედარებით. თუმცა, იანვრის შემდეგ, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყოველი ოთხი დაბალშემოსავლიანი ქვეყნიდან სამისთვის ვარდნას ასახავს. მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს 1.5%-ის დონეზე სანამ 2025 წელს 1.7%-მდე მოიმატებს.
„პანდემიით, კონფლიქტებით, ინფლაციით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული ძვრებიდან ოთხი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გლობალური ეკონომიკა სტაბილიზაციას იწყებს. თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედარებით ნელია, ვიდრე 2020 წლამდე. პერსპექტივები მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ისინი ვალის მომსახურებით, შეზღუდული სავაჭრო შესაძლებლობებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების საფრთხის წინაშე დგანან. განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზები კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, შეამცირონ სახელმწიფო ვალი და გააუმჯობესონ განათლება, ჯანდაცვა და საბაზისო ინფრასტრუქტურა. უღარიბესი 75 ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან კონცესიური დახმარების მიღების მოთხოვნებს, ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე,” – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.
დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები”, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.