ბესარიონ გუგუშვილი: …მოითხოვდნენ ჩვენგან რომ გვეთქვა – ზვიად გამსახურდია მოკლეს

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც  2010 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა საიტზე amerikiskhma.com  – “ბესარიონ გუგუშვილი: თვითმკვლელობა – ეს არის სიმართლე”:

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ძირითადი მოწმე უნდობლობას უცხადებს დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, რომელსაც ჰელსინკში დავუკავშირდით, კერძოდ ამბობს:

ბესარიონ გუგუშვილი: „მე არ ვთანამშრომლობ პარლამენტის ამ კომისიასთან, იმიტომ, რომ, პირველი: არ ვცნობ ლეგიტიმურად საქართველოს ფაქტობრივ ხელისფლებას, ყველა მისი სტრუქტურითურთ; მეორე: არსებობს შეთანხმება-ხელშეკრულება ოჯახთან რომ სიკვდილის მოწმეები არ მივიღებთ მონაწილეობას არავითარ გამოძიებაში: და მესამე: გამოძიების წამოწყება და განახლება არასამართლებრივ, სამართალგარეშე, ფსევდო რელიგიურ პრინციპზეა აგებული, ანუ აგებულია პრინციპზე – ზვიადი თავს არ მოიკლავდა“.

ბესარიონ გუგუშვილი ფინეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით თხუთმეტი წელია ცხოვრობს. მას 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების ოჯახში, პირველი პრეზიდენტს გვერდით ეძინა, როცა გუგუშვილისვე მტკიცებით, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.

საბედისწერო გასროლის დროს გვერდზე ოთახში გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძე იმყოფებოდნენ, ისინიც დარწმუნებულნი არიან რომ ეს თვითმკველობა იყო.

ბესარიონ გუგუშვილი: მე რომ ზვიად გამსახურდიასკენ მივიხედე, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. მეტიც, ჩვენ რომ ზვიად გამსახურდიას მივუახლოვდით, ლოგინის მეორე მხრიდან, მიცვალებულის სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდასავით, აი, სპაზმი, რომ ნელ ნელა დუნდება. სწორედ, ამიტომ იყო, რომ რობინზონი ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პისტოლეტი, იმიტომ, რომ იმას შეეშენდა, რომ ის კიდევ გაისროდა.

ეს ჩვენ ეხლა ვიცით, რომ ის უკვე მკვდარი იყო, მაგრამ იმ მომენტში, სიბნელეში, ნახევრად ბნელ ოთახში, ჩვენც ვერც ვხედავდით ცოცხალია თუ მკვდარია. ასე, რომ ლოგიკურად გამორიცხულია იქ სხვა რაღაცა. თუმცა, გასროლის მომენტი უშუალოდ, არავის არ უნახია.

მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება გროზნოში სამეგრელოდან, და დადგა საკითხი, იმაზე, რომ ოჯახს არ მოეწონა თვითმკვლელობის ვერსია, მოითხოვდნენ ჩვენგან რომ გვეთქვა – ზვიად გამსახურდია მოკლეს.

მაშინ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენგან შეიძლება ითქვას, ეს არის სიმართლე – ანუ თვითმკვლეობა. და როდესაც, მიდგა საკითხი იმაზე, რომ ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი, მე განვაცხადე საჯაროდ, რომ გასროლის მომენტში, იქ ვიყავი მარტო მე – ბესარიონ გუგუშვილი, და ამდენად, თუ უნდათ, ვინმეს ცილი დასწამონ მკვლელობაზე, აგერ ვარ მე და კეთილი ინებონ და ცილი მე დამწამონ, ცოდვა აიღონ თავზე.“

ვრცლად