აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების კანონი“ უკან გაიწვია

ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ „აპარტამენტების შესახებ კანონი“ უკან გაიწვია. „აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“ კანონი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღნიშნულ რეგიონებში მიწების შეძენას და აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს.
ე.წ. კანონპროექტის მიხედვით, „ბინები“ (ფაქტობრივად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები) ჩაითვლება არა საცხოვრებელ უძრავ ქონებად, არამედ კომერციულ და, შესაბამისად, გასაყიდ ფართებად. ე.წ. მთავრობის განმარტებით, ეს აფხაზეთს საშუალებას მისცემს მოიზიდოს ინვესტიციები ისე, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქროს. ასევე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად გაზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას 2 მლნ კვ. მეტრი ახალი საცხოვრებელი ფართობი, რისთვისაც 300 ჰა მიწა გამოიყოფა.
გარდა ამისა, 2025 წლამდე 160 მლრდ. რუბლი უნდა მოიზიდოს, ტურიზმის ბიზნესში კი 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. საბოლოოდ, ცვლილებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელებს უფლება ექნებათ, უძრავი ქონება ააშენონ და შეიძინონ, რასაც ე.წ. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების ნაწილი და ე.წ. ვეტერანები არ ეთანხმებიან.
ე.წ. კანონი დე ფაქტო პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო, რასაც სოხუმსა და სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა.