“არ დააყენოთ ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ” – ქუთაისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების ნაწილი ემიჯნება რუსულ კანონს და მოუწოდებს მთავრობას, პარლამენტს, არ დააყენონ ქვეყნის ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ.
“ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.
ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.
ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა “, – წერია საბჭოს წევრების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ნინო ბუცხრიკიძე, ირაკლი თევზაძე, თეონა ფურცხვანიძე, საბა ხაბულიანი, ნინი გორგოძე, ლანა ჟორჟოლიანი, ლიზი ჯავახაძე, მარიამ ბენიძე, შაქრო კლდიაშვილი, დავით ხაჩიძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ არასრულწლოვან წევრებს. საბჭოს წევრების ნაწილმა უარი თქვა ხელის მოწერაზე.

ასევე დაგაინტერესებთ