არაგვის ხიდის რეაბილიტაციის გამო თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე საცობია

საერთაშორისო დანიშნულების მქონე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, საცობია. მიზეზი მდინარე არაგის ხიდზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები 2 დეკემბრიდან 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება დედაქალაქიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზის მარჯვენა ზოლში.
„მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა, რომლის სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება“, – წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ უკვე დაიწყო ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის დასრულებაც მომავალ წელს იგეგმება.
აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ამ მონაკვეთზე გზის საფარი არაერთხელ დაზიანებულა, რის გამოც მუდმივად იქმნება ხერგილები.
ფორუმი