აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა

წითელ ზღვაში თავდასხმების შედეგად ტვირთის გადამისამართების გამო აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ჯენტილონიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირში ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს, „თუმცა ფასები შესაძლოა, მოწოდების შემდგომმა შეფერხებამ გაზარდოს.“
მისი ცნობით, ევროკავშირი სამხედრო-საზღვაო ოპერაცია Aspides-ის შეთანხმების პროცედურას ასრულებს, რომელიც წითელ ზღვაში სავაჭრო გემების ესკორტირებას გულისხმობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (International Maritime Organization-IMO) მონაცემებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის ფონზე სუეცის არხზე 36%-ით ნაკლები გემი მოძრაობს, ხოლო ტვირთი 60%-ზე მეტად არის შემცირებული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა გემების დაზღვევის ღირებულება, ასევე, გაიზარდა საწვავის ხარჯები და ეკიპაჟების დატვირთვა.
თებერვლის დასაწყისში Bloomberg წერდა, რომ ეგვიპტისთვის სუეცის არხზე გემების გავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი იანვარში 2023 წლის იმავე თვის 804 მლნ დოლარიდან 428 მლნ დოლარამდე დაეცა.
გადამზიდავთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, შერაფეტინ არასი მიიჩნევს, რომ წითელი ზღვის კრიზისმა ტრანსკასპიური საერთაშოსრისო სატრანსპორტო დერეფნის (TITR) პოტენციალისა და გლობალურ ვაჭრობაში მისი გამოყენების ახალი შესაძლებლობები გააჩინა. TITR-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ დერეფნის გასწვრივ გამავალ სამარშრუტო მატარებელს ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ