საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „Amnesty International“-მა გააკრიტიკა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება ოპოზიციონერი ლიდერის, ალი ქარიმლის დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ავტორიტარიზმის განმტკიცების მანიშნებელია.
„Amnesty International“-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით:
„აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას და ქვეყანაში ნებისმიერი უკმაყოფილების დასახშობად არ ცნობს ზღვარს. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება „ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების მცდელობის“ ბრალდებით არის გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ეჭვობს, რამდენად შორს შეუძლია მთავრობას წასვლა.“
კრივოშეევმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ვერ წარადგენს ბრალეულობის დასამტკიცებელ მტკიცებულებებს, ალი ქარიმლი უნდა გათავისუფლდეს:
„მისი დაკავება, უცხოეთთან კომუნიკაციის სრული შეწყვეტა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ჩამორთმევა აჩვენებს, რამდენად მზად არის მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების გაგრძელებისთვის, რომლებიც მიმართულია ოპოზიციონერებზე, მეცნიერებზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე.“
1 დეკემბერს დააპატიმრეს აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ალი ქარიმლი და პარტიის პრეზიდენტის საბჭოს წევრი მამად იბრაჰიმი. ისინი 29 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათ ბრალი წარუდგინეს „ხელისუფლების ძალისმიერად მიტაცების მცდელობისა“ და „სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის ძალისმიერად შეცვლის“ ქმედებებში.




