ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია – რატი მორჩილაძე

ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ “ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ, საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალურ გახსნაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ფონდის მიმართ ბაზრის ინტერესი საკმაოდ დიდია, რადგან კომპანიებს და ხალხს ასეთი ფინანსური პროდუქტები აინტერესებთ.
“ფონდში თანხების განთავსება ნებისმიერ ადამიანს და კომპანიას შეუძლია. ამისთვის მხოლოდ 2 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – უნდა ჰქონდეთ აქტიური საბანკო ანგარიში და მინიმუმ 100 ლარი. ფონდი საპილოტე რეჟიმში უკვე 2 თვეა მუშაობს. ბაზარს ვაწვდით ინფორმაციას ამ შეთავაზების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს როდესაც ასეთი მოქნილი პირობებით არის შეთავაზებული. მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შემოიტანონ თანხა, ყოველდღიურ ნაშთზე მიიღონ სარგებელი და სურვილის შემთხვევაში მაქსიმუმ 1 დღეში უკან გაიტანონ”, – აცხადებს რატი მორჩილაძე.
ცნობისთვის, კომპანია შპს “ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა” საქართველოში პირველი ავტორიზებული „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ დააფუძნა.
bp.ge