ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“-ს კომბუჩა წელს პირველ ექსპორტს ისრაელში განახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიას ისრაელის ბაზართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და პირველი პარტია ნოემბერში უნდა გავიდეს.
“ნოემბერში, კომბუჩა ისრაელის ბაზარზე გაეშვება. ხელშეკრულებები გაფორმებულია და პირველი პარტია ისრაელში ნოემბერში გადაიტვირთება. ისრაელი სტანდარტების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ბაზარია და ამ მხრივაც ნიშანდობლივია, რომ ჩვენი პროდუქტი სრულ შესაბამისობაშია მათ მოთხოვნებთან და სწორედ მათ გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი, რომ ისრაელის ბაზარზე წარმოდგენილი ვყოფილიყავით.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ექსპორტი, მათ ქსელურ მარკეტებთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, რის გამოც ისრაელში ექსპორტი მუდმივად განხორციელდება”;,- განაცხადა დირექტორმა.
ამასთან, კომპანიამ ცოტა ხნის წინ წყალი D ვიტამინით გამოუშვა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე კვირას გაშვების პარალელურად, რუსეთში ექსპორტზე გავა და მისი რეალიზაცია იქაც მოხდება.