აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის სტატუსი შესაძლოა, შეცვალოს.
ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებას ბაიდენი, სავარაუდოდ თანამდებობის დატოვებამდე, ანუ 2025 წლის იანვრამდე მიიღებს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 12 ოქტომბერს გერმანიაში უკრაინისა და მისი მოკავშირე ქვეყნების შეხვედრას უხელმძღვანელებს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის აშშ-ში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.
„არსებობს წინასწარი ნიშნები, რომ ბაიდენი შეიძლება დათანხმდეს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის სტატუსის წინ წაწევას, ვიდრე ის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში სხვა დეტალები მოყვანილი არ არის.
სტატიის მიხედვით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ აქამდე ეწინააღმდეგებოდა აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის გაწევრიანების დასაჩქარებლად, როგორიცაა უკრაინის ალიანსში მიწვევა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ NATO-ში გაწევრიანება რჩება უკრაინის მთავარ მიზნად, მაგრამ ალიანსის 32 წევრიდან ძალიან ცოტა თვლის, რომ ეს შესაძლებელია სრული, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და რუკაზე მკაფიო ხაზის გარეშე, რომელიც განსაზღვრავდა, უკრაინის ტერიტორიის რომელ ნაწილზე გავრცელდება ალიანსის კოლექტიური თავდაცვის დებულება.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, დასავლეთში ზოგიერთი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის NATO-ში ინტეგრაციისთვის გამოყენებული იყოს დასავლეთ გერმანიის ალიანსში გაწევრიანების მოდელი, რომელიც სამ ათწლეულზე მეტ ხანს ბერლინის კედლის დაცემამდე გაგრძელდა.
„დასავლეთ გერმანული მოდელი აქტუალობას იძენს, განსაკუთრებით თეთრ სახლში, სადაც ყველაზე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მიმართ“, – აცხადებს „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ევროპული საბჭოს ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი ჯერემი შაპირო.
პირველი არხი