აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, რათა განეხილათ ირანის გეგმები ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ის ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორაა აშშ მზად, დაეხმაროს ისრაელს თავის დაცვაში.
“ამ დილით, მე და ვიცე-პრეზიდენტმა მოვიწვიეთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, რათა განგვეხილა ირანის გეგმები ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმის განხორციელების შესახებ.
ჩვენ განვიხილეთ, როგორ არის შეერთებული შტატები მზად დაეხმაროს ისრაელს თავი დაიცვას ამ თავდასხმებისგან და დაიცვას რეგიონში ამერიკული პერსონალი”, – წერს ჯო ბაიდენი X-ზე.
ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
IDF-ის თანახმად, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.
დღესვე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.