ჯეჯელავა: „სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც, დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც, გადაცდომა წესებიდან“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

მინისტრის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი იდეაც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის დროშის დარიგება. მისივე თქმით, მთავარია გაირკვეს, თუ ვისი იდეა იყო დროშების ბავშვებისთვის მიცემა.

„ყველა სკოლა გაფრთხილებულია ძალიან მკაცრად და ამ შემთხვევაშიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე და მოსწავლეების ჩართულობით აბსოლუტურად დაუშვებელია არა მხოლოდ ვიზუალური ნიშნების გამოყენება, არამედ ნებისმიერი აქტივობა, აბსოლუტურად, არჩევნებთან დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან საქმე გვაქვს უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. მოკვლევა ჩვენ დავიწყეთ უკვე გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ.

ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც, დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც, გადაცდომა წესებიდან,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სოციალურ ქსელში ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელშიც პირველკლასელებს ხელში „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა უკავიათ.

">