ს მიერ სექტემბერში შექმნილი ალბანელი მინისტრი „ორსულადაა“ და 83 „შვილი“ეყოლება

ისინი კანონმდებლებს იმ დისკუსიების ან მოვლენების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომლებსაც დეპუტატები გამოტოვებენ
ს მიერ შექმნილი მინისტრი, დიელა „ორსულადაა“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ.
მან ასევე გაამჟღავნა გეგმები დიელას „83 შვილის“, ანუ ასისტენტის, შექმნის შესახებ, რომლებიც პარლამენტარის თანაშემწის ფუნქციას შეასრულებენ – სოციალისტური პარტიის თითოეულ დეპუტატზე ერთი „შვილი“ (ასისტენტი) იქნება „მიმაგრებული“.
„ჩვენ დიელასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდ რისკზე წავედით, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა. ასე რომ, დიელა პირველად არის ორსულად და მას 83 შვილი ეყოლება“, – განაცხადა მან ბერლინში.
რამას თქმით, „შვილები“ ჩაიწერენ ყველაფერს, რაც პარლამენტში ხდება და კანონმდებლებს იმ დისკუსიების ან მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებენ, რომლებსაც ისინი გამოტოვებენ.
„თითოეული „შვილი“, როგორც ასისტენტი, მოემსახურება მათ, ვინც საპარლამენტო სესიებში მონაწილეობს, ჩაინიშნავს ყველაფერს, რაც საკანონმდებლო ორგანოში ხდება და პარლამენტის წევრებს რჩევებს მისცემს. ამ შვილებს დედის ცოდნა ექნებათ“, – აღნიშნა რამამ.
ალბანეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ სისტემა სრულად 2026 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტი: მწვავე დავა დეპუტატებსა და ვირტუალურ მინისტრს შორის ალბანეთში (ბულგარულ ენაზე)
რამამ ისიც განმარტა, თუ როგორ იმუშავებენ დეპუტატების „ხელოვნური ასისტენტები“:
„მაგალითად, თუ ყავაზე გახვალთ და სამსახურში დაბრუნება დაგავიწყდებათ, ეს „ბავშვი“ გეტყვით, რა ითქვა, სანამ დარბაზში არ იყავით, ასევე შეგატყობინებთ, ვის უნდა უპასუხოთ. შემდეგ ჯერზეც თუ მომიწვევთ პარლამენტში, დიელას „შვილებისთვის“ 83 დამატებითი ეკრანი გექნებათ“.
დიელა, ანუ „მზე“, მინისტრად სექტემბერში დაინიშნა, რათა ალბანეთის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა სრულად გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი გამხდარიყო.
თავდაპირველად, ის იანვარში, e-Albania-ს პლატფორმაზე, ვირტუალური ასისტენტის სახით ამოქმედდა და რიგით მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სამთავრობო დოკუმენტების მიღებაში ეხმარებოდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი ტრადიციულ ალბანურ სამოსში გამოწყობილი ქალის სახითაა წარმოდგენილი.
დიელას აკისრია პასუხისმგებლობა, მიიღოს ყველა გადაწყვეტილება საჯარო ტენდერებთან დაკავშირებით, რითაც მათ კორუფციისგან 100 პროცენტით თავისუფალს გახდის. „ყოველი საჯარო ტრანზაქცია, რომელიც ტენდერზე გავა, სრულად გამჭვირვალე იქნება“, – აცხადებს რამა.
ალბანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად დანიშნა მინისტრი, რომელიც ადამიანი არ არის.
თავად დიელა არის ხელოვნური ინტეელქტის პროდუქტი, რომელიც მთლიანად კოდისა და პიქსელებისგან შედგება.
წყარო: 1 არხი