ხელოვნების ნიმუშები, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ

შემოქმედებით ინდუსტრიებზე საუბრისას, უფრო ხშირად ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროები გვახსენდება; ის, რის შედეგსაც ვიღებთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს. თუმცა, არსებობს ხელოვნების ისეთი ნიმუშებიც, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ. ამ ინდუსტრიის წარმომადგენლების ნამუშევრები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა – სარეკლამო პროდუქტები, ვებგვერდები, ლოგოები, კომპიუტერული თამაშები და ა.შ. ეს ადამიანები გრაფიკული დიზაინერები არიან.

ამ პროფესიით საქართველოში არაერთი ადამიანია დაკავებული, ბევრისთვის ეს შემოსავლის მთავარი წყაროა და სწორედ ამ სფეროში ხედავს საკუთარ მომავალს.

ქართველი გრაფიკული დიზაინერების დიდი ნაწილი სარეკლამო პროდუქტების დამზადებითაა დაკავებული. ასევე, კომპანიებისთვის ლოგოების, სავიზიტო ბარათების, ბროშურების, ფლაერებისა თუ სხვა აქსესუარების შექმნით. დანარჩენი სფეროები, სადაც შეგვიძლია, გრაფიკული დიზაინერის როლი განვიხილოთ, ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია.

საფუძვლიანი იქნება ვარაუდი, რომ მათი მთავარი დამსაქმებელი მსხვილი ბიზნესია, რადგან ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით ნახევარი სწორედ მსხვილ ბიზნესზე მოდის, თუმცა ბოლო დროს, საშუალო ბიზნესის გააქტიურებაც შეიმჩნევა.

შეიძლება ითქვას, რომ გრაფიკული დიზაინერები ძირითადად ტრადიციული დარგების განახლების ავანგარდში არიან. პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საზოგადოება ყოველდღიურად მოიხმარს, ნაკლებად იცვლება, თუმცა, იგივე პროდუქტების ახალ სახეს, შეფუთვას და ზოგადად იმას თუ როგორ ხედავს მას საზოგადოება, გრაფიკული დიზაინერები წყვეტენ. მართალია, ისინი დამკვეთების ზოგად მითითებს იღებენ, თუმცა დიდწილად სწორედ მათი თვალით დანახულ პროდუქტს იღებს საზოგადოება.

ისევე როგორც სხვა პროფესიები, საქართველოში გრაფიკული დიზაინერებიც არაერთი პრობლემების წინაშე დგებიან. ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა ახალბედა დიზაინერებს აქვთ, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიდი გამოცდილება და რეპუტაცია საჭირო წრეებში. მათ ძალიან უჭირთ ბაზარზე დამკვიდრება, თუ მათ სასარგებლოდ რეკომენდაციას რომელიმე სხვა, უფრო გამოცდილი და კავშირების მქონე დიზაინერი არ გასცემს.

„მე მყავს მეგობრები, რომლებიც ახლა იწყებენ, ახალგაზრდები. ხშირად მიწევს რეკომენდაციის გაწევა – კარგია, ნიჭიერია და კარგად გაგიკეთებს“, – ამბობს გეგა ქუთათელაძე, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ამ სფეროში 20 წელია მუშაობს. აქვე, ის აღნიშნავს, რომ როდესაც თავად იწყებდა ამ სფეროში საქმიანობას, სიტუაცია უფრო რთული იყო: ახლა ახალბედა დიზაინერებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ გამოცდილება, თუნდაც სტაჟირების სახით, და დასაქმდნენ. მიუხედავად ამისა, რეკომენდაციის ფასი ამ სფეროში არ შემცირებულა.

„როდესაც გიცნობს ადამიანი, შენ თავს ურჩევს სხვას და გირეკავენ, ნამუშევრებსაც გთხოვენ. სახელის მომენტია. ბევრი ნამუშევარი რომ აქვს დიზაინერს, უფრო ენდობიან“, – ამბობს გეგა ქუთათელაძე.

შედარებით გამოუცდელი დიზაინერებისთვის ადეკვატური ანაზღაურების პრობლემა არსებობს: ზოგიერთი კომპანია, პრაქტიკულად, უფასო სერვისის მიღებას ცდილობს.

„საწყის ეტაპზე, ყველა ეცდება უფასო მომსახურების მიღებას, რადგან ჩათვლიან, რომ დიზაინერს უფრო ესაჭიროება პოპულარობა და ე.წ. win-win სიტუაცია წარმოუდგენიათ. ასევე, ფაქტი რომ ფიზიკური რესურსი არ იხარჯება, მათთვის ნიშნავს, რომ ბევრს არ ითხოვენ. დღესდღეობით, შრომა და დრო ხშირად არ აღიქმება დახარჯულ რესურსად. პრობლემები იქმნება შედარებით მაღალანაზღაურებადი კომპანიების წრეში შესვლისას – ძირითად ნაწილი უკვეთავს კომპანიას, ან დიზაინერს, რომელიც უკვე კარგად დამკვიდრებულია“, – ამბობს ქეთი კოკოშაშვილი, რომელიც გრაფიკული დიზაინის სფეროში რამდენიმე წელია, მუშაობს.

მისივე თქმით, ბევრ დიზაინერს არ აქვს სტაბილური შემოსავალი – რამდენიმე თვეს, შეიძლება იყოს ბევრი შეკვეთა და შესაბამისად, იყოს შემოსავალი, თუმცა შეიძლება გარკვეულმა პერიოდმა ისე ჩაიაროს, რომ დიზაინერს სამუშაო არ ჰქონდეს. ამის გამო, ბევრ მათგანს, პარალელურად, სხვა სამსახურის შოვნა უწევს.

აღსანიშნავია, რომ კარგი რეკომენდაციის მნიშვნელობა არამხოლოდ კონკრეტული დიზაინერებისთვის არის გადამწყვეტი, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში, ისევ რეკომენდაციითა ან პირადი ნაცნობობით, მსხვილი შემკვეთები ყოველგვარი შუამავლის გარეშე გადიან ამ კომპანიებთან. ამასთან, გრაფიკული დიზაინის სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ამ სფეროში ბევრი კომპანია მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ინოვაციური დანადგარები და გვყავს ძალიან მაგარი „სტაფი“, – ამბობს კომპანია „პრინტვიჟენის“ დირექტორი მარიკა ცეცხლაძე. მისი თქმით, იმისთვის, რომ კომპანიამ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, უნდა ჰყავდეს კარგი, გამოცდილი თანამშრომლები და უნდა ჰქონდეს თანამედროვე დანადგარები.

თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა არამხოლოდ კომპანიებისთვისაა გადამწყვეტი, არამედ „ფრილანსერი“ დიზაინერებისთვისაც. მართალია, წლების წინ გრაფიკული დიზაინერები, ისევე როგორც ბევრი სხვა პროფესიის ადამიანი, სამუშაოებს ფურცელზე ასრულებდა, თუმცა ეს დრო უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

„კონკრეტულად გრაფიკული დიზაინერისთვის, ტექნოლოგიების განვითარება ფაქტობრივად უტოლდება ნაკლებ დახარჯულ დროს და ნაკლებ წვალებას“, – ამბობს ქეთი კოკოშაშვილი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ სფეროში მოღვაწეობ, თვალი ადევნო თანამედროვე ტენდენციებს.

რეკომენდაციების ან გამოცდილების არქონის, ადგილობრივი ბაზრის არასტაბილურობისა და სხვა პრობლემების გამო, ქართველი დიზაინერები ხშირად სცდებიან საქართველოს საზღვრებს და სამუშაოს საერთაშორისო ბაზრისთვისაც ასრულებენ. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო სტაბილურიც არის და ხანდახან უფრო მომგებიანი.

„არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ შეკვეთებს. ორჯერ უფრო იაფად აკეთებენ, მაგრამ შეკვეთები არის უფრო მეტი, ვიდრე – მარტო აქ რომ იმუშავოს. არსებობს საიტები, სადაც კონკრეტული პირები წერენ, რომ ლოგოს გაკეთება უნდათ ან რაიმე სხვა რამის. ძალიან იოლად, დაახლოებით 30$-ად აკეთებენ და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამაზე“, – ამბობს გეგა ქუთათელაძე.

შესაძლოა საერთაშორისო ბაზარზე შეუდარებლად მეტი დამკვეთია, თუმცა, ამავე დროს, შეუდარებლად მეტი გრაფიკული დიზაინერიც არის. თუმცა, ქართული ბაზრისგან განსხვავებით, დიზაინერები უფრო თანაბარ მდგომარეობაში არიან, რადგან შეკვეთის მიღება ხდება მათი გამოცდილებიდან და შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე. რეკომენდაცია საერთაშორისო ბაზარზე არ არის იმხელა წონის მატარებელი როგორც ადგილობრივზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სახელის მოხვეჭა საერთაშორისო ბაზარზე შეუძლებელია.

მიუხედავად არაერთი პრობლემისა თუ დაბრკოლებისა, ყველა თანხმდება, რომ ეს სფერო არის მზარდი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და გრაფიკული დიზაინერის პროფესია ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. დიზაინერების ძირითადი დამსაქმებლები კერძო კომპანიები არიან, შესაბამისად ამ სფეროსა და პროფესიის ზრდა პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ზრდაზე და წარმატებაზე.

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.