წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოში 40 დეპუტატით შევა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტია მოხვდება, მათ შორის „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ოპოზიციას, საკრებულოში პროპორციულ მანდატებს მიიღებენ „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მასშტაბით არჩევნები ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო და 25-ვე მაჟორიტარული მანდატი აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში ჯამში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ცესკოს მიერ, ამ დროისთვის გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ 5 დეპუტატით შევა, „ევროპული საქართველო“ 3 მანდატს იღებს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ 2 მანდატს დასჯერდება.

">