ჩინეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ჩინეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვარო ძალების წვრთნები პეტრი დიდის ყურეში გაიმართება, რუსეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკის მახლობლად. წელს ეს უკვე მეორე ერთობლივი წვრთნებია, რომელსაც ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ფლოტები მართავენ. პირველი ივლისში გაიმართა ბალტიის ზღვაში. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. ისინი აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს საკმარისი დრო მიეცეს მოქმედებისთვის. როგორს ექსპერტები აცხადებენ, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ სურს, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, მათ საზღვრებზე ლტოლვილების დიდი რაოდენობა იხილოს, ხოლო აშშ-ს წარმატების შემთხვევაში, ორივე ქვეყნის საზღვართან გაერთიანებული და პროამერიკული კორეა გაჩნდება.

როგორც Reuters-ი წერს, სამხედრო წვრთნების პარალელურად ჩინეთის ყოველდღიური გაზეთი, რომელიც ჩვეულებრივ სახელმწიფოს პოზიციებს აჟღერებს, წერს, რომ სანქციებს დრო უნდა მიეცეს, რათა ჩრდილოეთ კორეა გონზე მოეგოს.

„პარასკევს განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდით ფხენიანს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სანქციები არ მუშაობს. ზოგიერთი ამაზე წამოეგო და იგივე გაიმეორა. თუმცა რადგან წინა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, არ ნიშნავს, რომ არც ახალი სანქციები გამოიღებს შედეგს. ძალიან ადრეა მარცხზე საუბარი, რადგან სანქციები ჯერ სრულყოფილად არ შესულა ძალაში. სანქციებს დრო უნდა მიეცეს რათა ფხენიანი გონს მოეგოს“, – წერს ჩინური გამოცემა.

">