„ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს თბილისის მერია“

გაგარინის ქუჩის 10 ნომრიდან გამოსახლებულებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ გააკეთა. კალაძის თქმით, მოსახლეობასთა მოლაპარაკება შედგა და თბილისის მერია ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს.

„მოხერხდა მათი გაყვანა, შედგა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს თბილისის მერია, ეს არის ქირის ხარჯები, რაც შეეხება კონკრეტულ სახლს გაგარინის 10-ში, რა თქმა უნდა, აუცილებელია დემონტაჟი, იმიტომ რომ ადამიანების სიცოხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ძალიან ბევრია ზოგადად ასეთი სახლები. შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები.

ჩვენ მიდგომას რაც შეეხება, ჩვენ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს, მეორე არის ის, რომ ჩვენ ინვესტორებს აუცილებლად ხელს შევუწყობთ, იმისთვის, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან“,-განაცხადა კალაძემ.

გაგარინის 10 ნომერში მცხოვრებლებს საცხოვრებლების დატოვება გუშინ ღამით მოუხდათ, როდესაც სახლმა ნგრევა დაიწყო. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფას დაჰპირდა.