ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყევტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.
გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:
“ფესტივალმა წელს 3 დიდ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გამართა 7 შესანიშნავი კონცერტი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით. წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მსმენელს მომავალ წლამდე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, თითოეულ მუსიკოსს, შესანიშნავ პუბლიკას.”
ანდრეს გაბეტა, მუსიკოსი:
“ამ ფესტივალის დამსახურებით საქართველოში მეორედ ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართველი მსმენელის გამორჩეული და განსაკუთრებული გემოვნებით. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა. მადლობა “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს მოწვევისთვის და უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ შესანიშნავი საღამოსთვის. საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა თქვენი ქვეყანა, სულმოუთმენლად ველოდებოდი აქ ჩამოსვლას და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ მომეცა.”
მორის შტიგერი, მუსიკოსი:
“პირველად ვარ საქართველოში და ამ საოცარ ფესტივალშიც პირველად ვიღებ მონაწილეობას. დაუვიწყარი კონცერტი იყო დაუვიწყარი ემოციებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომიწვიეს. მადლობა ორკესტრს, დიდებულად ჩატარდა კონცერტი. ბევრი მსმენია თქვენი ქვეყენის შესახებ, მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი.”
თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
20 სექტემბერი, 20:00
ვივალდი და მეგობრები
ანდრეს გაბეტა – ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი
მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია
ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო
ლელა მჭედლიძე)
ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 №6 – ჩაკონა
ანტონიო ვივალდი – ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375
სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190
ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428
პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 №11
ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443
სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“
კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516
მევიოლინე ანდრეს გაბეტა ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაროკოს შემსრულებლად. მისი რეპერტუარი მოიცავს ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე რეპერტუარით დამთავრებული. 2011 წელს ვირტუოზმა შემსრულებელმა მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა: თავის დასთან, ჩელისტ სოლ გაბეტასთან ერთად ჩამოაყალიბა საკუთარი ბაროკოს ორკესტრი „Capella Gabetta“. ამ ორკესტრთან ერთად იგი მართავს კონცერტებს როგორც სოლისტი და დირიჟორი წამყვან მუსიკოსებთან ერთად. ანდრეს გაბეტა მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში, სისტემატურად მართავს კონცერტებს, როგორც სოლისტი და კამერული ანსამბლის წევრი, ჩაწერილი აქვს მრავალი აუდიო ალბომი. მისი ალბომებმა არაერთი პრიზი და ჯილლო დაიმსახურეს, რომელთა შორისაა 2008 წლის გრემის ნომინაცია ბახის ბრანდენბურგის კონცერტების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ანდრეს გაბეტა უკრავს 1727 წელს გამოშვებულ გვარნერის ვიოლინოზე.
მორის შტიგერს უწოდებენ „პაგანინის“, „ჯადოქარს“, „მსოფლიო წამყვან ბლოკ ფლეიტისტს“, „ამაღელვებელ და შთამაგონებელ დირიჟორს“. ასეთი მაღალი მოლოდინების გასამართლებლად საჭიროა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნიკა, არამედ ქარიზმა, ინტელექტი და მუსიკის საოცარი შეგრძნება. ეს ყველაფერი მან არაერთხელ დაუმტკიცა საკუთარ მსმენელს განსხვავებული ფორმატის კონცერტებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც სოლისტი ან დირიჟორი, ან ორივე ერთდროულად, იგი რეგულარულად მართავს კონცერტებს ბაროკოს მუსიკის წამყვან ორკესტრებთან. მორის შტიგერს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა: კარაიანის პრემია და ECHO Klassik.
„ღამის სერენადების“ შემდეგი ორი კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართა, 18 სექტემბერს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკა აჟღერდა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.