„ქართული ცეკვის ფოლკლორული კოლექტივები იაფფასიანი სუვენირების ბაზრობებს ემსგავსებიან“

ქართული ფოლკლორი უცხოელი მსმენელის  იმედადაა. ამის თქმა თამამად შეიძლება რადგან ამაზე ყველა თაობის წარმომადგენელი თანხმდება. სიმღერისა თუ ცეკვის ანსამბლები საზღვარგარეთ მრავალათასიან დარბაზებს ავსებენ, საქართველოში კი რამდენიმე ასეული ადამიანისთვის მართავენ კონცერტებს.

აუდიტორია მცირეა საქართველოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველს ქართული ფოლკლორი არ აინტერესებს – მას მეტი ინფორმაცია, ხშირი კონცერტები და მუდმივი ფესტივალები  სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე რაოდენობის მსმენელი მცირე ბიუჯეტს ნიშნავს, ანსამბლებს მხარდაჭერის გარეშე არსებობა უჭირთ. მხარდაჭერას კი სახელმწიფოსგან ან ფოლკლორის მოყვარული ბიზნესმენებისგან ელოდებიან. ანსამბლ „ლაშარის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლ „ერისიონის“ კონსულტანტი, მომღერალი ჯემალ ჭკუასელი თანხმდებიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ანსამბლებზე არათანაბრად ნაწილდება და ეს პრობლემაა. ისინი თანხის დამსახურების მიხედვით განაწილების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დაფინანსების პრობლემას, რეგიონებში არსებულ ანსამბლებში, ვერ ხედავს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ამბობს, რომ ანსამბლების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, შემსრულებლების დაფინანსება გაიზრდება და შესრულების ხარისხი გაუმჯობესდება. ხარისხში კი პრობლემას უშიკიშვილი და ჭკუასელი ვერ ხედავენ.

ის რაზეც სხვადასხვა თაობის ეს ორი წარმომადგენელი ვერ თანხმდება, ფოლკლორის მომავალია. სჭირდებათ თუ არა ახალგაზრდებს დამატებითი მოტივაცია, რომ მთელი ცხოვრება სიმღერას ან ცეკვას მიუძღვნან? აქვთ საკმარისი ენთუზიაზმი? რა თქმა უნდა, შეიძლება ენთუზიაზმი აქვთ, მაგრამ მომავალში ოჯახების სარჩენად ეს არ კმარა. გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ ეს სფერო შემოსავლიანი არ არის და მომღერალს ან რესტორანში სიმღერა, ან უცხოეთიდან მანქანების შემოყვანა უწევს, დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ჯემალ ჭკუასელს კი მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს საკმარისი ენთუზიაზმი აქვთ, თავი სიმღერას შესწირონ.

 

ფოლკლორი შემოსავლიანი მაშინ გახდება, თუ ტრადიციული ფესტივალები დამკვიდრდება-რეგიონებში, ერთსა და იმავე პერიოდში, ფოლკლორული ანსამბლები წარადგენენ საკუთარ შემოქმედებას.

სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, ის უცხოელი მსმენელი, რომელიც თავის ქვეყანაში „სუხიშვილების“, „ერისიონის“ თუ სხვა ანსამბლების კონცერტებზე დასასწრებად ყიდულობს ბილეთს და მათი ტურნეების სრულ დაფინანსებზეც კი თანახმა არიან, არც ამ შემსრულებლების მშობლიური ქვეყნის ნახვაზე იტყვის უარს. ტურიზმის სახელით სწორად გაღებული თანხა კი ყოველთვის ამართლებს.

ფესტივალები შემოსავლის წყარო მხოლოდ მომღერლებისთვის არ იქნება: სწორი მენეჯმენტით პურის მცხობელი, მეღვინე თუ სხვა მეწარმეები, დამატებით შემოსავალს მიიღებენ. ამ შესაძლებლობას ხედავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიც. გიორგი დონაძეს მიაჩნია, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციებზე, მათი ინფორმირების გზით, მცირე კონცერტები უნდა გაიმართოს: „ახალ აღმაშენებელზე, შარდენზე გაიმართოს კონცერტები. ქუჩაში დადგეს ჯგუფი და შეასრულოს სიმღერები. მაგალითად, ტურისტულ ჯგუფებს ექნებათ ინფორმაცია, რომ ხუთიდან ექვს საათამდე ხალხური სიმღერის მოსმენა შეუძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ჯგუფის. ტურისტი იქ ფულს დახარჯავს“.

ცენტრის ხელმძღვანელს ამის სურვილი აქვს, მაგრამ საკმარისი ბიუჯეტი – არა. როგორც დონაძე ამბობს, იგი ცდილობს, სახელმწიფოს დარწმუნებას იმაში, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის სიმცირის გამო, წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მხოლოდ ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად – „გვინდა, სკოლებში შევიდეთ – ბავშვებს დავაწერინოთ ესეები ფოლკლორზე. ასევე, გვინდა ფოლკლორის დღის გამოცხადება, არამუსიკოსების ჩართულობით ვიდეორგოლის გაკეთება – მათი აზრით, რა არის ფოლკლორი – რომელსაც სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელებთ“.

სახელმწიფო ფოლკლორის პოპულარიზაციაზე ზრუნვას იწყებს, ჯერჯერობით კი, ამ სფეროს წარმომადგენლები განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ხედავენ. ქართული ეროვნული ბალეტი  „სუხიშვილები“ სახელმწიფო ანსამბლია, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

.არანაირი ხელსაყრელი გარემო დღეს არ არის. მე არ ვიცი, სხვა ეროვნული ანსამბლების ამბები, მაგრამ ჩვენი ანსამბლის წარმატებაში სახელმწიფოს როლს საერთოდ ვერ ვხედავ. კარგი კი იქნებოდა. როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტმა, მინდა აღვნიშნო, რომ თუ კი დღეს რამე ხარისხიანი ექსპორტი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, ერთერთი ჩვენ ვართ“, – აღნიშნავს ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი.

ფოლკლორის სფეროს მოღვაწეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ვალია, ასევე, ხელი შეუწყოს კულტურული ფასეულობების შენარჩუნება – განვითარებას. მომღერალი ზაზა კორინთელი (ზუმბა), რომელიც ახლა აშშ-ში, კალიფორნიაში ცდილობს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ამბობს, რომ მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სპეციალური სკოლები შექმნას,  სადაც მომზადდებიან ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი მასწავლებლები; შეიძლება საინტერესო  სახალხო დღესასწაულების აღდგენა, რომელიც იქნება საშუალება, ტრადიციების შენარჩუნების მხარდასაჭერად; სპეციალური „ივენთკალენდრის“ შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება, როგორც კულტურულ-ტურისტული პროექტის რეკლამა“, – აღნიშნავს მომღერალი, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის ფესტივალის არტგენის ერთერთი დამფუძნებელია.

გარდა იმისა, რომ არტგენმა შეძლო ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ზუმბა მიიჩნევს, რომ ფესტივალი იქცა ხიდად სხვადასხვა ასაკის და მიმართულების შემოქმედთათვის; „შეძლო ცენტრის და რეგიონების მჭიდრო ურთიერკავშირის ხელშეწყობა; ბოლო წლების განმავლობაში იქცა ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბის კულტურულ-ტურისტულ მოვლენად; შეუწყო ხელი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობას სხვა ქვეყნების პროფესიონალურ სცენებზე და უკვე პარტნიორ ფესტივალებზე (როგორიცაა WOMAD – Great Britain, Transkawkasia – Poland,  World Days – Estonia … )“.

არტგენის წარმატება შეუმჩნეველი არავის არ დარჩენია, მაგრამ მსგავსი ფესტივალების ჩატარებაზე სახელმწიფო ჯერ არ ფიქრობს. გიორგი დონაძეს მიაჩნია, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პროფესიონალური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებაა.

ტრადიციულ ქართულ სიმღერასა და ცეკვას, ტრადიციების შენარჩუნების კვალდაკვალ, განვითარება სჭირდება. ინოვაციას ტრადიციაში ხშირად სკეპტიკურად უყურებს საზოგადოება და ეს სკეპტიციზმი კარგად გამოჩნდა „სუხიშვილების“ შემთხვევაში. ახალი ილეთები და მუსიკა საზოგადოების ნაწილმა ფოლკლორის დაზიანებად მიიღო. ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად დიდი სიფრთხილის აუცილებლობისა, ცვლილება საჭიროა:

„ფოლკლორთან მუშაობა საკმაოდ ძნელია, არ უნდა გადააჭარბო, არც ძალიან მოშორდე, ფაქტობრივად, ვიწრო კანაფზე სიარულს ჰგავს. მე არ მესმის იმ ხალხის სკეპტიციზმი, რომელსაც ჩვენი წარმატებული ნოვაციები უფრო აწუხებს, ვიდრე ის, რომ დღეს მასობრივად, ქართული ცეკვის ფოლკლორული კოლექტივები იაფფასიანი სუვენირების ბაზრობებს ემსგავსებიან. ძველი ელემენტები საჭიროებს დახვეწას და განვითარებას, რომ არ გაქრეს – და მათი უცვლელი სახით შენახვა ეთნოგრაფების საქმეა“.

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.