„ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს დებატებისთვის საერთო ფორმატის შექმნას სთავაზობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი მედია საშუალება არსებობს, რომელთაც სურთ, მერობის კანდიდატებმა მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო მედია ფორმატში მონაწილეობს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დებატებში კანდიდატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მედიის ინტერესი იზრდება.

„ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასა და მედიას პატივს სცემს და არ სურს, რომელიმე მედია საშუალება, ან მერობის კანდიდატი გამაორჩიოს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.