ქართველი მოსწავლეების ანექსირებულ ყირიმში მოხვედრას განათლების სამინისტრო ეხმაურება

არსებული ინფორმაციით, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმიანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად  შეისწავლის, იყო თუ არა ეს  მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

">