ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფართების დაკანონების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ.  შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები ცაიშის ქუჩის N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახსაც დაუკანონდა.

">