უკრაინა: საქართველოდან დროებითი რწმუნებულის გაწვევა მიზეზთა კომპლექსურობამ გამოიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიგას მიერ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების საქმიანობის გაძლიერების სურვილთან.
უკრაინული მედიის თანახმად, ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიიმ ბრიფინგზე გააკეთა.
საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მან თქვა, რომ “საუბარი არაა სახელზე და არც რაღაც ნიუანსებზე”, არამედ საუბარია “კომპლექსურ მიზეზებზე, რამაც აიძულა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მიეღო ასეთი გადაწყვეტილება”.
“ეს [გადაწყვეტილება] მიღებულია ელჩების საქმიანობის გაძლიერების კონტექსტში, მათი სამუშაოს, აქტიურობისა და მიღწეული შედეგების ანალიზისთვის და ამასთან ერთად, დიპლომატიური სისტემის მუშაობის ომის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც შედეგებია საჭირო”, – დასძინა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე “არც თუ ისე კორექტული” უწოდა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილების ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირება.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი გაიწვია.
როგორც მინისტრი Facebook-გვერდზე წერს, საგარეო უწყებამ ომში მყოფი ქვეყნის რეალობას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან.