უკრაინამ ხანძრის შედეგად ტყვია-წამლის სტრატეგიული მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა

უკრაინის არმიამ ჩერნიგოვსკის ოლქში არსებულ იარაღის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტყვია-წამლის სტრატეგიული მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ინფორმაციას newsru.com-ი ავრცელებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრისას განადგურდა 80 ათას ტონაზე მეტი ტყვია-წამალი, თუმცა უკრაინის არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ აღნიშნული რიცხვი არ დაადასტურა.

„თუ თქვენ ზუსტი ტონაჟი გაინტერესებთ, ეს საიდუმლო ინფორმაციაა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებული მარაგის ტონაჟი გავრცელებულ რიცხვზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია“, – განაცხადა როდიონ ტიმოშენკომ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საწყობში ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. საწყობში არ იყო მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და არც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ბუკ“-ის რაკეტები, როგორც ამის შესახებ სეპარატისტები აცხადებდნენ.

">