დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქუვეითის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„გამორიცხული არ არის, საერთოდ არაფერია გამორიცხული. ჩვენ გვჭირდება ყველა დეტალის, ფაქტის შესწავლა. ვამჯობინებდი, რომ არ აგვერჩია სამხედრო გზა, თუმცა ეს ის არის რაც შესაძლოა მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ მოგვიწევს, თუმცა თუ ეს მოხდება, ჩრდილოეთ კორეისთვისსამწუხარო დღე იქნება“,- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ამერიკის სტრატეგიაზე საუბრობს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა ოთხშაბათს, კაპიტოლიუმთან პრესკონფერენციები გამართეს და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიაზე ისაუბრეს. ტილერსონმა და მეტისმა იმ სამხედრო და დიპლომატიურ  ზეწოლაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება  ფხენიანიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ახორციელებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა და ტრამპის კრიტიკოსებმა კონფერენციების შემდგომ განაცხადეს, რომ დღესდღეობით არსებობს ორი სამთავრობო  სტრატეგია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში,  ერთი,  რომელსაც ტრამპი თავის ტვიტერის გვერდზე წარმოაჩენს და მეორე, რომელსაც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აჟღერებენ. მათი თქმით, ტილერსონი და მეტისი,  ტრამპისგან გასხვავებით არაგონივრულ განცხადებებს არ აკეთებენ ჩინეთთან მიმართებაში და ჩინეთთან ეკონომიური ურთიერთობების შეწყვეტის მუქარის მაგივრად, კონსტრუქციულად მოუწოდებენ ჩინეთის მთავრობას შეუერთდეს სანქციებსა  და დიპლომატიურ ზეწოლას ფხენიანზე, რადგან ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვება მუქარაზე მეტად, სწორედ დიალოგით არის შესაძლებელი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფოს  მხარდაჭერის გარეშე ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური იზოლაცია ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ტილერსონის და მეტისის განცხადებები ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის კიდევ ერთ გამოცდას და ფხენიანის წინააღმდეგ მიღებულ გაეროს საბჭოს რეზოლუციას მოჰყვა, რომელსაც ჩინეთმა ვეტო არ დაადო, რაც ამერიკელ მიმომხილველებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს რომ ჩინეთთან ჩრდილოეთ კორეის  საკითხზე კონსესუსის მიღწევა სრულიად რეალურია.

გავლენიანი დემოკრატი კონგრესმენის ადამ სმიტის განცხადებით, ტილერსონის და მეტისის სტრატეგია და რიტორიკა უფრო დახვეწილი და კონსტრუქციულია, ვიდრე ტრამპის, თუმცა პოლიტიკური მესიჯები მათ არსებითად ერთი აქვთ.

">