„ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა.
სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ შს მინისტრად ისევ გომელაურს.
კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.
“მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი,” – მიმართა მას ოხანაშვილმა. სალომე სამადაშვილმა დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატისგან პასუხს არ ელოდება, ამიტომ დარბაზს დატოვებს.
“ვინ უნდა გამცეს პასუხი, ან დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ივანიშვილის დაცვის უფროსმა?”- აღნიშნა სამადაშვილმა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ “ზრდილობას რომ ისწავლის”, შემდეგ შეეძლება დარბაზში ყოფნა.