სომხეთს ყაზანში BRICS-ის სამიტზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, სარქის ხანდანიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
„სომხეთი მიიღებს მონაწილეობას BRICS-ის სამიტში პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დონეზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ ვერ იტყვის, რა სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა სამიტში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკა ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, “ბრიქსში” გაწევრიანება სურს ჩვენს სხვა მეზობლებს – აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც.
BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ.