რეპერმა სნუპ დოგმა უელსურ საფეხბურთო კლუბ, “სუონსი სიტიში” წილი შეიძინა. “სუონსი” ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონშიფში ასპარეზობს, რაც პრემიერლიგის შემდეგ მეორე დივიზიონია.
კლუბს ამჟამად ამერიკელები ენდი კოულმენი, ბრეტ კრავატი და ჯეისონ კოენი ფლობენ, რომლებმაც გუნდი 2023 წელს გადაიბარეს. აპრილში კლუბის მფლობელთა სიას შეუერთდა ხორვატიის ნაკრების კაპიტანი და ახლად გადაბარგებული “მილანის” ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც მადრიდის “რეალში” 13 სეზონი დაყო.
მომდევნო სეზონი “სუონსისთვის” უკვე მეშვიდე იქნება ჩემპიონშიფში. კლუბმა წარსულში შვიდი სეზონი პრემიერლიგაში უკვე გაატარა, სანამ 2017-18 წლებში დაქვეითდებოდა.
გასულ შაბათ-კვირას სნუპ დოგმა ოფიციალურად წარადგინა “სუონსის” 2025-26 წლების საშინაო ფორმა და იგი გააზიარა თავის სოციალურ ქსელებში, სადაც ჯამში 155 მილიონი მიმდევარი ჰყავს (Facebook, Instagram, Twitter/X). 53 წლის არტისტი 16-ჯერ არის ნომინირებული გრემიზე, თუმცა ჯილდო არასდროს მოუგია.
“ყველამ იცის, როგორ მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ კლუბის მფლობელობაში პირველად სწორედ “სუონსი სიტიში’ შევდივარ,“ – ნათქვამია სნუპ დოგის განცხადებაში.
2025-26 წლების ჩემპიონშიფის სეზონი განსაკუთრებული იქნება ცნობილი სახეების მფლობელობებით. ლიგაში ახლა უკვე ასპარეზობს “ვრექსემი” და “ბირმინგემ სიტი”, რომელთა მფლობელებიც არიან მსახიობები რაიან რეინოლდსი და რობ მაკელენი. “ვრექსემი” ზედიზედ სამჯერ დაწინაურდა, ხოლო ბოლოდროინდელ ინვესტორთა შორის მსახიობი ევა ლონგორიაცაა.
პრემიერლიგაში დაწინაურდა “ბარნლიც”, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი NFL-ის სამგზის წლის საუკეთესო დამცველი ჯეი ჯეი უოტია. “ბორნმუთში” წილი აქვს მსახიობ მაიკლ ბ. ჯორდანს, ხოლო “ლიდს იუნაიტედის” ინვესტორთა სიაში არიან მსახიობები რასელ კროუ და უილ ფერელი, გოლფის ვარსკვლავები ჯორდან სპითი და ჯასტინ თომასი, ასევე NBA-ის ყოფილი MVP რასელ ვესტბრუკი.
bm.ge