სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა

2017 წლის 18  აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.

ინფორმაციას სახალხო დამცველის პაარატი ავრცელებს.

კომუნიკაცია ეხება იდენტობის ჯგუფის საქმეების (იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ სისტემურ/სტრუქტურულ ხარვეზებს. წარდგენილი დოკუმენტი მიმოიხილავს 2012-2015 წლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირებას, აფასებს მას და აანალიზებს არსებულ ნაკლოვანებებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ამ პრობლემების განხილვა ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ვითარების გამოსწორებასა და ხსენებულ გადაწყვეტილებათა კეთილსინდისიერად აღსრულებას, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.

კომუნიკაცია წარდგენილ იქნა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

">