სახალხო დამცველი იმერეთისა და რაჭის მოსახლეობას შეხვედა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმერეთისა და რაჭის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. სოფლების ნაწილში არ არის სამანქანო გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, ბუნებრივი აირი,  ამბულატორია, სოფლის ექიმები და აფთიაქი. საჩხერეში, 90 წლებში მიწისძვრით დაზარალებული ათამდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში კვლავ ვაგონებში ცხოვრობს.
მძიმე ინფრასტრუქტურული და სოციალური პირობების გამო, სოფელი ზედუბანი ნენ-ნელა დაიცალა ახალგაზრდებისგან. რამდენიმე წლის წინ დახურული სოფლის სკოლის შენობა ამჟამად დანგრეულია. მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და  უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალურ სტატუსის მასობრივად შეწყვეტის გამო.

სოციალური პრობლემები აქვთ ტყიბულის მოსახლეობასაც. მაღაროელების ქალაქში კვლავ ეკოლოგიის საკითხზე საუბრობენ. მოსახლეობა მეორადი ქვანახშირის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავებაში ხელისუფლებას თხოვს დახმარებას. დაბალ ხელფასს უჩივიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება მინიმალურ სამომხმარებლო კალათასაც ვერ აკმაყოფილებს.

სახალხო დამცველმა ტყიბულის მოსახლეობასთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაწყებული კამპანიის შესხებ „გახადე შრომა უსაფრთხო“ ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ამბროლაურში მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მოინახულა, რომელსაც ერთდროულად გადაადგილების და მხედველობის პრობლემები აქვს. მიმდინარე წელს მას სოციალური დახმარება  მოუხსნეს.

რაჭის სოფლებში ღვარდიაში, ზემო ბარში, სორში, ურავსა და ლიხეთში ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და სოციალურ გაჭირვებასთან ერთად მაცხოვრებლებს შეშის მოჭრის პრობლემაც აქვთ. მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებელთა თქმით, უგზოობის გამო, მათთვის გამოყოფილი შეშის მოჭრასა და ადგილზე მიტანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, იყო შემთხვევები როდესაც, სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსაჭრელ ხეებამდე გზის მიყვანაზე უარი განუცხადეს.

სოფელ ურავში ათწლეულების წინ დახურული დარიშხანის ქარხნის ტერიტორიის გაწმენდა ქიმიური ნარჩენებისგან მოსახლეობის თქმით მხოლოდ ახლა დაიწყო.

უგზოობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და სიდუხჭირის გამო მაღალია მიგრაცია. რიგ სოფლებში 20 წელზე მეტია აღარ ყოფილა შობადობა. დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები.

სახალხო დამცველის შეფასებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის ფარგლებში არსებული შეღავათები ვერ შეაჩერებს მიგრაციას და დამატებითი პროგრამების განხორციელება საჭიროებს.

რეგიონში არსებული გამოწვევები სახალხო დამცველმა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთან განიხილა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

">