საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო უსაფუძვლოდ, ხელოვნურად და უსამართლოდ აჭიანურებს პროცესს, რითაც საფრთხეს უქმნის მოშიმშილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ აყენებს მათი შეკრებისა უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას.

როგორც ცნობილია, უკვე მე–7 დღეა  სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს მოშიმშილეთა აქცია. ისინი აპროტესტებენ რკინიგზელთა შრომის პირობების არსებით გაუარესებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულები არიან მუშაობა განაგრძონ მათი საცხოვრებლიდან  მნიშვნელოვნად დაშორებულ ადგილას  ყოველგვარი  ხარჯების და პირობების უზრუნველყოფის გარეშე, მათ შორის, ტრანსპორტირების, საცხოვრებლის და ა.შ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აქციის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციამ, სრულიად უკანონოდ, საშუალება არ მისცა მოშიმშილეებს გაეშალა კარავი, რითაც უხეშად დაარღვია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. ამ ფაქტს ადასტურებს არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის,  საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვ. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ  უკვე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ანალოგიური ქმედება უკანონოდ არის მიჩნეული.

2017 წლის 17 აგვისტოს საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელმა უჩა ხვთისიაშვილმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას  მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: 1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის 2017 წლის 15 აგვისტოს ქმედების უკანონოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წინ კარვის განთავსების საშუალება; 2. მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა და მოსარჩელეებისთვის, აქციის მონაწილეებისთვის, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წინ  კარვის დადგმის საშუალების მიცემა.

2017 წლის 21 აგვისტოს  ჩაგვბარდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც დადგინდა ხარვეზი საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის  წარდგენის მოთხოვნით. მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია და შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის დადგენის წინაპირობა.

საგულისხმოა, ისიც, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინების თაობაზე, მხოლოდ 21 აგვისტოს გვეცნობა, მაშინ, როდესაც სარჩელის შეტანის მომენტიდან სისტემატურად ვუკავშირდებოდით მოსამართლის თანაშემწეს და ნებისმიერ დროს მზად ვიყავით ჩაგვებარებინა იგი.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმე ეხება შიმშილობის აქციას, რომელიც მე–7 დღეა მიმდინარეობს და რომელიც უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება, სხვა შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვა მხოლოდ ფორმალური გახდება და დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც.

ამ მოვლენების ერთობლიობა  გვაძლევს საფუძვლიანი  დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“, როგორ სახელმიწფო კომპანიის,  გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზეც ვრცელდება,“- წერია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

">