საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

20 სეტემბერს პრემიერმინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერმინისტრი ასევე შეხვდება USAID-ის მმართველ მარკ გრინს, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორ რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდს.

მთავრობის მეთაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.

ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან.