საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

საქართველოს მტაავრი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით მხოლოდ 2017 წლის პირველ 6 თვეში გამოქვეყნებულია 161 განცხადება და ჩატარებულია 6 ბრიფინგი. რა თქმა უნდა, ყველა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს, რომლებზეც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებზე მიეწოდება ის  ინფორმაცია, რაც  გამოძიების  მოცემულ ეტაპზე შეიძლება იყოს გასაჯაროებული და არ დააზიანებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესს, ასევე მოქალაქეთა უფლებებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია, რაც გამოთხოვილია არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ, კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მათ კანონით აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაციაზე, არის შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინება და შესაბამისად არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. კანონის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ „არასამთავრობო ორგანიზაციის“ სტატუსი არ აძლევს უფლებას, გამოითხოვოს  და მიიღოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის სახეს მკაფიოდ განსაზღვრავს  კანონი და საქართველოს მთავარი პროკურატურაც მოქმედებს კანონის შესაბამისად, განუხრელად იცავს რა კანონმდებლობას.

გარდა აღნიშნულისა, კანონი პროკურატურის შესახებ ცალსახად განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მონაცემების გამჟღავნება დაუშვებელია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების, მხარეთა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს თუ რა დოზით და რა ფორმით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც ცხადად მეტყველებს დასაწყისში მითითებული მხოლოდ 2017 წლის 6 თვის შესაბამისი სტატისტიკა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა საქმიანობს მაქსიმალურად ღიად და ცდილობს საზოგადოების კანონით დადგენილ ფარგლებში ინფორმირებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგება 6 თვეში ერთხელ ხოლმე საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშით და თითოეული ანგარიში საჯაროა, ხელმისაწვდომია პროკურატურის და საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას სასამართლოში, საქართველოს პროკურატურა პატივს სცემს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებას საკუთარი ინტერესები დაიცვას სასამართლოში. პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით კვლავაც გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ინფორმაციის მიწოდებას საკუთარ საქმიანობასთან და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით„,- წერია განცხადებაში.

">