საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმინდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად , კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებაში.

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ ამ საქმის კანონიკური სამართლის მიხედვით გამოძიება არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

”წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მოხსენებისთვის მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს. საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს მღვდელმთავარმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ და სხვა მღვდელმთავრებმა.

წმინდა სინოდმა დაადგინა: მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმინდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმინდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან”, – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ, წმინდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

წელს სინოდის სხდომა უკვე მეორედ ტარდება.

">