ელოშვილი: მარეგულირებელი კომისია საბოლოო ტარიფს მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენს

თელასის“ მიერ  ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადის შეტანას ენერგეტიკის მინისტრი გამოეხმაურა, ილია ელოშვილის განცხადებით, ტარიფების დადგენა ცალსახად სემეკ-ის კომპეტენციაა. მინისტრის თქმით, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის ისეთები, როგორიც არის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ვალუტის კურსი.

„ამას გადაწყვეტს მარეგულირებელი კომისია, დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია, რომ შემცირდეს ან გაიზარდოს, ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი, შესაფასებელი“,-განაცხადა ელოშვილმა.

სემეკ-ის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი სანიკიძის განცხადებით, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად წარდგენილი ყოველწლიური განაცხადით, „თელასი“ თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატებას ითხოვს. სემეკ-ში ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ გაითვალისწინონ ამ მეთოდოლოგიის პირობები და მოთხოვნები, რადგან თბილისელებისთვის 2018 წლის ახალ ტარიფს მხოლოდ სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენენ.

„ზრდის ან შემცირების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფის ყველა შემადგენელი კომპონენტის გადათვლა უნდა მოხდეს და აქედან გამომდინარე უნდა დადგინდეს საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი. კომპანია აფიქსირებს სამომხმარებლო ტარიფის ზრდის საჭიროებას, თუმცა ცალსახად, მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, იმ გონივრული და სამართლიანი ხარჯების ასახვიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი ტარიფების დადგენა და თუ კომპანია საჭიროებს რაიმე დანახარჯებს, ის აუცილებლად იქნება ასახული, თუმცა არაგონივრული და არამიზანშეწონილი ხარჯები არ იქნება ტარიფში გათვალისწინებული, რაც არ უნდა მოთხოვნა ჰქონდეს კომპანიას ამისა“,-განაცხადა სანიკიძემ.

სააქციო საზოგადოება „თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადი წარადგინა.

თელასის“ განმარტებით, საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აღნიშნული განაცხადის ყოველწლიურად წარდგენა კომპანიის ვალდებულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება.

როგორც news.ge-ს სემეკ-ში განუცხადეს, საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, კომისია 18 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში გამოცხადდება ახალი ტარიფი.

">