კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრე დასრულდა. დღს სამი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერმა “სამტრედიამ” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ცხრილის ქვედა ნაწილშიც სიტუაცია დაიძაბა. იმერულმა გუნდმა “დინამო ბათუმს” სტუმრად სძლია. დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
კოლხეთი 1913 2:2 დილა
გორის “დილა” სტუმრად 78-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის “კოლხეთი 1913”-ს, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.
“დილა” უკვე 5 ქულით ჩამორჩა ლიდერ ქუთაისის “ტორპედოს”, ფოთელები კი მეშვიდე ადგილზე არიან.
ოთხოვე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 49-ე წუთზე ნიდერლანდელმა
ტაირელ ვაუტერმა დაასრულა კარგი კომბინაცია და სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. მერე კი შოთა შეყილაძემ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში – 0:2. შეყილაძემ წლეულს მეშვიდე გოლი მიითვალა.
“კოლხეთი 1913” მაინც არ გატყდა და კირილ კლიმოვმა მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა: მან ჯერ გიორგი მელქაძის პასი მიიღო და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, 88-ე წუთზე კი ფოთელთა მეკარემ იაროსლავ კოტლიაროვმა გაუკეთა საგოლე გადაცემა. კლიმოვმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და 2:2.
გაგრა 0:0 დინამო თბ
უგოლო ფრე დავით პეტრიაშვილზე. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში იყო შეცდომები.
“დინამო თბილისი” მეხუთე ადგილზე გადავიდა, “გაგრა” კი მერვეზეა. ბოლო დროს ორივე გუნდი მეტწილად ფრედ თამაშობს, დინამოელებისთვის ეს მეოთხე ფრეა ბოლო ხუთ შეხვედრაში. და მეხუთე 0:0 სეზონში.
დინამო ბთ 1:2 სამტრედია
აუტსაიდერმა “სამტრედიამ” სტუმრად სძლია მოქმედ ჩემპიონ “დინამო ბათუმს”. სამტრედიელები ახლა მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან მეცხრე ადგილზე მყოფ “თელავს”. “დინამო ბათუმი” კი მეოთხეზეა, გუნდს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს…
არადა, ბათუმელები იგებდნენ: მე-6 წუთზე ონორე გომისმა დაარტყა, მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია ბურთი და ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ დაამატა – 1:0.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამტრედიელთა ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო პასი გიორგი ქველაძისა იყო და კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში – 1:2.
შეგახსენებთ, “სამტრედიამ” წინა ტურში “თელავს” ამავე ანგარიშით მოუგო.
erovnuliliga.ge