ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გემო ფესტის ერთ-ერთი მონაწილის და Food Vendor-ის წარმომადგენლის, სალომე ფაციას განცხადებით, რეგიონებში გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა. ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მათი ბედნიერი სახეებით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ. გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონებში. მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრული გასტრონომია იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად გემრიელია, რომ საზოგადოებისთვის ეს ჩვენი ტრადიციების ახლებურად გაცნობა იყო. სამეგრელოს პოპულარიზაციისთვის არაჩვეულებრივი პროექტია, იმიტომ რომ ხალხი ჩამოვიდა გემო ფესტისთვის, გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას და ჩვენს ტრადიციებს“,- აღნიშნა სალომე ფაციამ.
გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
„გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.