სადაც ხვიჩაა, იქ ჩემპიონობა ისევ შესაძლებელია – საუკეთესოს ახლა კვარაცხელიასა და ლუკაკუს შორის აარჩევენ?!

როცა “ნაპოლიმ” ახალი სეზონი საშინლად დაიწყო, დავწერეთ – აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის; ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!.. ამაზე ერთ-ერთი მკითხველისგან ასეთი კომენტარი მივიღეთ – “აგვისტოს მარცხს არავითარი უპირატესობა არცერთ თვესთან ჩემპიონატისა არ აქვს, მარცხი მარცხია, ფეხბურთის ცოტა უნდა ესმოდეს, ექსპერტობას ვინც ცდილობს, ტრანსფერები უკვე გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო”… კი, იდეალური მანამდე იქნებოდა, თუმცა უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ სასტარტო მღელვარებამ ნეაპოლელებზე დადებითად იმოქმედა; ამბიციურმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდი სწრაფად გააძლიერა,
კონკურენცია გაზარდა, რაც ხშირად ხარისხის მატებას ნიშნავს და გამოსაფხიზლებელი დროულად გამოაფხიზლა. ფაქტია, საუბარი უკვე გუნდის საჩემპიონო შანსებზე დაიწყო, მინიმუმ კი – მაღალ ამბიციებზე.
ის, რომ ნეაპოლში სპექტაკლი არ დასრულდება და ფარდა არ დაეშვება, ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, დიდწილად კვლავ ს უკავშირდება. როცა გუნდში ამ დონის, გაქანებისა და შესაძლებლობების აღიარებული ლიდერი გყავს, ყველაფრის დაგეგმვა შესაძლებელია. “კვარა” დიდი ფაქტორია და ეს უკვე მსაჯის სასტარტო სასტვენამდე; ნებისმიერი მოწინააღმდეგის მწვრთნელის გეგმა და სტრატეგია მიზნამდე ქართველის გავლით მიდის. მოედანზე ხვიჩას ნებისმიერი გადაადგილებაც კი თამაშზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მეტოქის ფეხბურთელებს ხომ სწორება მის შესაძლებლობებზე აქვთ. ამიტომაცაა, უხეშობასაც რომ მოუმატეს. ბოლო მატჩი რომ გავიხსენოთ, პირველივე წამებიდან ეცადნენ, კვარაცხელია დაეძაბათ, მას სიფრთხილეზე ეფიქრა, თუმცა უარეს შედეგებს იღებენ. ამ დროს 77-ე ნომერში ზაზა ფაჩულიას ხასიათი იღვიძებს, პასიურ შეხვედრაში გაბრაზება შეუჩერებელს რომ ხდიდა…
“კალიარისთან” შეხვედრის შემდეგ საუკეთესოს დასახელება ლუკაკუსა და კვარაცხელიას შორის გაუჭირდათ. ეს იქნებ წარმატებული სეზონის ბოლოსაც ასე იყოს… ასე იყო ოსიმენის შემთხვევაშიც, ნანატრი სკუდეტოს მოგებისას… რა თქმა უნდა, ბელგიელის მნიშვნელობა დიდია, ისე ხვიჩას ლამაზი და დიადი პასებიც დაკარგავს ძალას და ვერავინ ისე ვერ შეუწყობს ხელს ხვიჩას შედეგიანობას, როგორაც რომელუ. ამის მიუხედავად, ისევე, როგორც ორი სეზონის წინ, ხვიჩას ფაქტორი ყველაზე დიდი გვგონია!.. ჯერჯერობით ვნახეთ ეპიზოდები, როცა ბელგიელს ქართველი მეტად და დაუფიქრებლად უნდა შეემჩნია, როგორც ამას ვიქტორი აკეთებდა, თუმცა დრო ყველაფერს სჭირდება.
წარმოვიდგინოთ ნეაპოლელი გულშემატკივრების დამოკიდებულება ქართველის მიმართ – ის ასოცირდება მონატრებული (33-წლიანი) სკუდეტოს დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად. ამის შემდეგ “კვარა” განსაცდელის ჟამსაც გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება, ისევ აქაა ისე, რომ მისი ხელშეკრულება არ უმჯობესდება და თუკი ახლა “ნაპოლი” კვლავ ამბიციურია, უპირველესად, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აქ დარჩენას უკავშირდება, მათ “კვარადონასა” და “კვარავაჯოს”.
გალაკტიონის ლექსი “გზა გამარჯვების”:
ძველი მუხის ხე
ჩვენთანაა, ვით ძველისძველი,

ვით ძველისძველი
მეგობარი, მომსწრე ომების.

მას განუცდია
და წარშლია მრავალი წელი,

მრავალი წელი
განშორება-დამშვიდობების!
რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატში არსებულ ვითარებას, შეუძლებელი არაფერია – “ინტერი” ძველებურად მძლავრი აღარ ჩანს, “იუვენტუსი” კი ტიაგო მოტასთან ერთად რაღაც შთამბეჭდავს იწყებს. მის საბოლოო სახეს ამ სეზონშივე რამდენად ვიხილავთ, ისევე, როგორც თურქი ილდიზის დელ პიეროს გზით სვლას, გადაჭრით თქმა რთულია.
ვაკვირდებით და მოგვწონს, კვარაცხელია საკუთარ თავზე ბევრს რომ მუშაობს. მაგალითად, გასული სეზონის ერთი პრობლემა მოჭარბებული გაფრთხილებები იყო, რომელიც ნაწილობრივ მალევე მოგვარდა, ახლა კი ეს საკითხი აქტუალური საერთოდ აღარაა. არადა, რა რთულია მოითმინო, როცა გამეტებით გირტყამენ და მსაჯს ამაზე შესაბამისი რეაგირება არ აქვს; დავაკვირდეთ, როგორ მუშაობდა დაცვაში თუნდაც საჩემპიონო სეზონში და რა უნარები აქვს ახლა; ყურადღება მივაქციოთ “კვარას” თამი გუნდურობის ელემენტების გაზრდას…
ყველაფრის მიუხედავად, 77-ე ნომერი მუდამ სიახლეებსა და საკუთარი თავის სრულყოფაზე უნდა ფიქრობდეს და ასეცაა. მას შეუცვალეს პოზიცია, მის წინააღმდეგ მცველები თუ მეკარეები განსაკუთრებული დაკვირვებითა და მრავალფეროვნებით მოქმედებენ. მთავარი მაინც ისაა, რომ ხვიჩა აქაა, სკუდეტოს მოგება ისევ შესაძლებელია!..