საგამოძიებო სამსახურში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და  ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განიხილვა იყო. შეხვედრას UNODC – ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

შეხვედრაზე საბჭოს წევრები  ბოლო პერიოდში ჯგუფების საქმიანობის სტატისტიკას გაეცნენ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს კონტეინერების კონტროლის პროგრამაში საგამოძიებო სამსახურის ჩართვის მნიშვნელობა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართული ყველა უწყებისთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია  პროგრამის ფარგლებში ერთობლივი მუშაობით მიღწეული დადებითი შედეგების კუთხით.

შეხვედრაზე UNODC- ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა,  ნაიდა ჩამილოვამ პროგრამის ფარგლებში, ახლო მომავალში, განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ოქტომბერში დაგეგმილია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მოქმედ ჯგუფებს გაეცნობიან და მათთვის  გამართულ პრაქტიკული და თეორიული მიმართულების ტრენინგებს დაესწრებიან.  საბჭოს წევრებმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყების წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახური, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.

">