სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა, ეშინია ჩემი

„უკვე რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება და ბოლოს მაინც მოახერხეს. ის არის შეშინებული, არავინ იმდენი პრობლემა არ შეუქმნა ამ ხელისუფლებას, რამდენიც მე,“ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ის პოლონეთში კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს.

„ჩემი გატაცება მოხდა ხელების გადაგრეხვით, კივილით, წივილით, იარაღის დამიზნებით, ფიზიკური ყველანაირი ზემოქმედებით, გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი, ჯერ ვერტმფრენში ჩამსვეს, ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა კიევის გარშემო, შემდეგ ჩამომსვეს ბორისპოლის აეროპორტში და იქიდან შემიშვეს პოლონურ თვითმფრინავში, ეს არის მთელი ისტორია.

პოლონელები უკიდურესად თბილად დამხვდნენ, დამხვდნენ აქაური პარლამენტის წევრებიც. კარგად, თბილად დამხვდნენ, ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

„კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, რას უკავშირებს საქართველოს ნაცვლად, პოლონეთში გაგზავნას, სააკაშვილმა განაცხადა:

„იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა. და მე არ მესმის, როგორ ითმენთ აქამდე? რა უნდა ამ კაცს? ეშინია ჩემი, თორემ, რამის თავი რომ ჰქონდეს, ხო მოელაპარაკებოდა საქართველოში ჩემს გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ. არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები.

მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ამ ოლიგარქების წინააღმდეგ, ორივე დაემხობა და ხელისუფლებიდან მათ მშვიდობიან ჩამოშორებაში მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები [საქართველოს], მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს. ორივეს [ივანიშვილს და პოროშენკოს] ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის“.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. მოგვიანებით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნეს. უკრაინულ ТСН.uа-სთან საუბარში სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ  ეს „რეადმისიაა“, ანუ არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა უკრაინაში.

">