“რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც გარკვეულ ეტაპზე დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია”

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში ატლანტიკური საბჭოსა და IRI -ის ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატორები და აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მიღებაზე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითა მიმართა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარ ქმედებებს იზოლაციისაკენ მიჰყავს.

“როცა ვხედავთ რა ხდება და როგორ ვითარდება რუსეთის ფედერაცია, ვხედავთ რომ ეს არის პროცესი, რომლის შედეგებსაც ჩვენ დავინახავთ მომავალში – რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც გარკვეულ ეტაპზე დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია.

სად არის ჩვენი ძალა? ჩვენი ძალა არ არის დაცულ საზღვრებში, პირიქით, ჩვენი ძალა არის ფართოდ გავუღოთ კარი მშვიდობისა და სიკეთის მსურველ ერებს, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავიანთი იდენტობა მიუძღვნეს უკეთესი მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

დღეს აქ ვხედავ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც პასუხობენ დიდ ბრიტანეთში მომხდარ მოვლენას. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ხდებოდეს – მეგობრები უნდა იყვნენ ერთად და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. სამხედრო ფორმაში შემოსილი ჩვენი ქალები და კაცები მტკიცედ დგანან, რათა ჩვენ დაგვიცვან. ისინი რისკავენ საკუთარი სიცოცხლით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს უსაფრთხო.
მჯერა, რომ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც ისინი ბრძოლის ველზე აკეთებენ – ერთად დავდგეთ მტკიცედ, იმ ღირებულებებისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს და ამავდროულად, დავიცავთ მათი მომავალი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ატლანტიკურ საბჭოს, NDI – ის, IRI – ის და საქართველოს საელჩოს გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმში მათი შესრულებული სამუშაოების შედეგები უკვე იხილა.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი ელიოტ ენგელი და ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

">