რუსეთის დუმის თავმჯდომარე იმეორებს „ოცნების“ არგუმენტებს რუსულ კანონზე

ს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამის არხზე ეხმაურება საქართველოში „რუსული კანონის“ განხილვას.
„ამ კუთხით სწორია შემდეგი თქმა: თუ რომელიმე ქვეყანას სურს, გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ის ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი არის, აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში“, — წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი.
მისი თქმით, კანონის მიღების მოწინააღმდეგეები „მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.
ვოლოდინი იხსენებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის ისტორია 1938 წელს -ში დაიწყო და ამბობს, რომ „ამ დოკუმენტის ნორმები ყველაზე მკაცრი კვლავ შეერთებულ შტატებში რჩება — ისინი იძლევა გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რომლებიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ართულებს მედიის საქმიანობას და ინფორმაციის გავრცელებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.
რეალურად კი, FARA-ს მთავარი სამიზნე ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიებია. იმისთვის, რომ სუბიექტი აშშ-ში აგენტად რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული „სპუტნიკი” და „რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული მედიასაშუალებები, როგორიცაა BBC, გარდიანი და სხვა. ამავდროულად, რუსეთია ის ქვეყანა, რომელმაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად გამოიყენა — განავრცო იგი ყველა კრიტიკულ აზრზე, სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.
ვოლოდინი ხაზს უსვამს, — და აქაც ერთი-ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას — რომ უცხოური აგენტების კანონი აშშ-ზე უფრო ლიბერალური ფორმით მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში.
„მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლისა, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც. ამჟამად, საგარეო გავლენის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც. მხოლოდ პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის ქუჩის საპროტესტო აქციები, არ არის შეძახილები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან“, — განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკის გამოა, რომელიც ეფუძნება საკუთარი ექსკლუზიურობის პრინციპს და ორმაგ სტანდარტებს.
„ასეთი ისტერიკა უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არის ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის უკვე გამოყოფილია ფული და კანონის მიღებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები“, — დასძინა ვოლოდინმა.
რევოლუციის მცდელობაზე გუშინ პრემიერ-მინისტრმა მაც განაცხადა.
„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, — ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, — დღეს საქართველო იქნებოდა ზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კანონპროექტი პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას — საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა“, — განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის დუმის სპიკერამდე, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ დაიცვეს კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა და პუტინის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.
პესკოვი „ოცნების“ რუსულ კანონზე: ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო ქვეყნის აგენტებს… ეს ნორმალურია
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსული კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ასევე დაგაინტერესებთ