გაფიცული რკინიგზელები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს რკინიგზა“ მოლაპარაკების ნაცვლად დაკავებულია ბინძური ავანტიურით, ცილისწამებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობით“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პროტესტის მქონე რკინიგზელებმა 2012 წელს, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თხოვნით გაფიცვა შეწყვიტეს.

„დღეს რკინიგზაში ანალოგიური პრობლემაა. ადმინისტრაცია რეალურ დიალოგზე უარს აცხადებს. დღეს, შიმშილობის მე-12 დღეს, რკინიგზელები პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მივმართავთ და მასთან შეხვედრას ვითხოვთ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკთა ფედერაციის გენერალურ მდივანს პასუხობს

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკთა ფედერაციის გენერალურ მდივან სტეფან კოტონს პასუხობს.კოკა გუნცაძე კოტონისისთვის გაგზავნილ წერილში, რკინიგზაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„ბატონო სტეფან. მივიღე თქვენი 2017 წლის 23 აგვისტოს წერილი, რომელიც შეეხება საქართველოს რკინიგზაში განვითარებულ მოვლენებს. მინდა გამოვხატო თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მიმართ ღრმა პატივისცემა.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ შესაძლებელია სრულად არ ფლობთ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ნება მომეცით მეტი სიცხადისთვის დეტალურად აღგიწეროთ საქმის ვითარება: ბოლო წლებში კახეთის მიმართულების სარკინიგზო მონაკვეთზე გამოიკვეთა მატარებელთა მოძრაობის ინტენსივობის მკვეთრი კლება. დღეისათვის ამ მიმართულებაზე არ დადის არცერთი სამგზავრო მატარებელი, ხოლო სატვირთო მატარებლის დადგენილი სიჩქარე შეადგენს 15-25 კმ/სთ. მოცემული ვითარების გათვალისწინებით კახეთის მიმართულების სარკინიგზო ლიანდაგის ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრა კვარტალში ერთხელ შემოწმებით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მობილური დეფექტოსკოპიური ბრიგადების საშუალებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის, თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულება წარმოადგენს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზს, რომელზეც გარდა სატვირთო მატარებლებისა, მოძრაობს სამგზავრო მატარებლებიც, რომელთა მოძრაობის სიჩქარე 80 კმ/სთ-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზზე ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობის გაზრდა მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად. მოსალოდნელი საშტატო გადაადგილების შესახებ წინასწარ ეცნობათ კახეთის მონაკვეთზე დასაქმებულ ოთხივე თანამშრომელს ა. ჭარელაშვილის, ვ. ბახლიშვილის, ვ. ცისკარიშვილის და უ. ხვთისიაშვილის და არა სამს როგორც თქვენს წერილშია ნახსენები. მათივე წინასწრი სიტყვიერი და წერილობითი თანხმობის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ბრძანებები საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით. დასაქმებული ოთხი თანამშრომლიდან მხოლოდ ერთმა უ. ხვთისიაშვილმა, მიუხედავად მის მიერ გაცხადებული წინასწარი სიტყვიერი და წერილობითი თანხმობისა და ამ თანხმობის წერილობით დადასტურებისა განაცხადა უარი ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე. რკინიგზის მენეჯმენტი დამატებით კიდევ რამოდენიმეჯერ შეხვდა უ. ხვთისიაშვილს და მოისმინა მისი პრეტენზიები.მან განაცხადა რომ ადგილზე არ იყო სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, მისი სახცოვრებელი სახლიდან სამუშაო ადგილამდე მანძილი იყო შორი და შეუძლებელი იქნება სამსახურში გამოცხადება. საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს დამსაქმებელს უზრუნველყოს დასაქმებული სათანადო შრომითი პირობებით, აქედან გამომდინარე მეტი საჯაროობისთვის საქართველოს რკინიგზამ ყველა ადგილობრივი მედია საშუალებების ჩართულობით გააშუქა მათი სამუშაო პირობები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ისინი სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი ადგილით და ტრანსპორტით, ასევე ანაზღაურების ცვლილების გარეშე შეეცვალათ სამუშაო გრაფიკი, კერძოდ: ყოველდღიური მუშაობის ნაცვლად ისინი იმუშავებენ ერთი კვირა, ხოლო მომდევნო ერთი კვირა დაისვენებენ, ზუსტად იგივე პირობებით საქართველოს რკინიგზაში მუშაობს 1423 რკინიგზელი. ასევე მენეჯმენტმა არა ერთხელ შესთავაზე უ. ხვთისიაშვილს პირადად ენახა ადგილზე სამუშაო პირობები რაზეც უ.ხვთისიაშვილმა უარი განაცხადა და დაიწყო შიმშილობა მოთხოვნით: დაუბრუნდეს ძველ სამუშაო ადგილს და გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი. დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების დროს , ასეთი რადიკალური მოთხოვნები ან/და ის ფაქტი რაც ხდება დღეს საქართველოს რკინიგზის ოფისის წინ სცდება შრომითი დავის ფარგლებს, ჩვენის აზრით სხვადასხვა თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნა არ უნდა წარმოადგენდეს პროფკავშირის თვითმიზანს, სამწუხაროდ ეს უფრო ჰგავს გარე ძალების მიერ კოორდინირებულ პოლიტიკურ შანტაჟს რომელიც ემსახურება არა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებულებზე ზრუნვას არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს.

თუნდაც გუშინდელი ფაქტი რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში ძალის გამოყენებით შემოჭრის მცდელობა, ცხადყოფს, რომ აღნიშნულ აქციას არავითარი საერთო არ აქვს მშრომელთა უფლებების დაცვასთან, არამედ პირიქით კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეჭვს. რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, საქართველოს რკინიგზა არ განიხლავს რაიმე სახის საკადრო შემცირებებს, პირიქით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად დაგეგმილია საშტატო ერთეულების ზრდა. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა პატივისცემა და გაცნობოთ, რომ რკინიგზის მენეჯმენტი როგორც მანამდე ისე ახლაც მზად არის ნებისმიერ დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს უ. ხვთისიაშილს“,-აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წერილში.

რკინიგზასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი 8 სექტემბრისთვის გადაიდო

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 8 სექტემბრისთვის გადაიდო. მოსამართლემ დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც დაეთანხმნენ, მათ  ვიდეოჩანაწერების წარმოდგენისთვის ვადა ითხოვეს. სასამართლომ ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული წესით აქციაზე დაკავებული ათივე პირის საქმე ერთ საქმედ გააერთიანა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულებმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვეს.

რკინიგზის შენობაში შეჭრამ შესაძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უწყების მიმართ დაგეგმილი პროვოკაციების სერია გრძელდება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება.

„საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას რომელიც დაგეგმილია და ემსახურება  რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესაძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მტავარი მიზანი და საზრუნავი.

ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს“, – წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

რკინიგზელების აქციაზე დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

რკინიგზის დეპარტამენტთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მისივე თქმით, ზოგიერთ მათგანს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

„ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკური დაზიანებები აქვთ და ეს ფიზიკური დაზიანებები მართლაც აღენიშნებათ სხეულზე. ამასთან დაკავშირებით დეტალურად აღუწერეს იზოლატორის თანამშრომლებს და ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტებს, როგორც იცით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით არიან ეს პირები დაკავებულები. მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთ მათგანს არ განუმარტეს უფლებები და ზოგადად საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე“,-განაცხადა ქურდოვანიძემ.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი აქციის მონაწილეთა დასჯას ითხოვს

„საქართველოს რკინიგზა“ გუშინდელი აქციის იმ მონაწილეთა დასჯას ითხოვს, რომელნიც დეპარტამენტის შენობაში უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ.რკინიგზაში აცხადებენ რომ მსგავსი კანონდარღვევის, ძალადობისა  და პროვოკაციისთვის აქციის ორგანიზატორები პასუხისგებაში უნდა მიეცენ. უწყებაში ასევე აცხადებენ რომ ისინი მზად არიან მოშიმშილეებთან დიალოგზე წასასვლელად.

სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება, როდესაც მათ უარი უთხრა კარვების გაშლაზე. სწორედ ამას მოჰყვა ის აგრესია. შემოჭრა დაუშვებელია და ეს არის კანონდარღვევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ ძალადობის ორგანიზატორებს,“-განაცხადა  ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა.

შეგახსენებთ რომ მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნებია ინფრასტრუქტურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების უფროსების გადადგომა. ასევე ერთ-ერთი მოშიმშილის, ძველ სამუშაო ადგილზე, გურჯაანში დაბრუნება.

რკინიგზა მოშიმშილეებს დიალოგისკენ მოუწოდებს (აქციის ამსახველი ვიდეო)

შესაბამისი განცხადება სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა გააკეთა.მისი თქმით, მოშიმშილეებს გამოხატვაში ხელს არავინ უშლის და მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

ნანა კლარჯეიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც აქციის მონაწილეებს საქართველოს რკინიგზის შენობასთან კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რასაც მისი თქმით, მოჰყვა აგრესია და შენობაში შეჭრის მცდელობა ძალადობრივი მეთოდებით.

„ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ძალადობის ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ, რკინიგზა მოუწოდებს ბატონ უჩა ღვთისიაშვილს, მოშიმშილე რკინიგზელებს, შეწყვიტონ ძალადობა, შეწყვიტონ შიმშილობა, დაგვიჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმით ცივილიზებულად გადავწყვიტოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები“, – განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.

საქართველოს რკინიგზის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯამში 10 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ რკინიგზელთა პროფკავშირების ახალი თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე აცხადებს. მისი თქმით,  საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის აქცია კვლავ გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოშიმშილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ სამი პირის დაკავებას ადასტურებს რომელთაგან ორი სტუდენტია, ერთი კი   პროფკავშირების წარმომადგენელი.

რკინიგზელების აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს

საქართველოს რკინიგზასთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს – ორი სტუდენტი და პროფკავშირების ერთი წარმომადგენელი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პიკეტირებას არ აპირებდნენ, უბრალოდ, შენობაში შესვლა და ადმინისტრაციასთან საუბარი უნდოდათ.

აქციაზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარება, ვინაიდან მონაწილეების თქმით მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ.

საქართველოს რკინიგზის განცხადება

“სამწუხაროდ, ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას “საქართველოს რკინიგზასთან” – ამის შესახებ შპს “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაშია ნათქვამი.

“მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მახრდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე, რომელსაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ, სცადეს  საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით აღკვეთილ იქნა”,-ნათქვამია შპს “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის შენობასთან დაპირისპირებაა

საქართველოს რკინიგზის შენობასთან აქციაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ . დაპირისპირების შედეგად აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

საქართველოს რკინიგზასთან დაძაბულობა გრძელდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს

რკინიგზელთა აქცია მე-10 დღეა გრძელდება

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელთა მოშიმშილე აქცია მე-10 დღეა გრძელდება.აქციის მონაწილეები რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მათ თანამშრომელი გურჯაანიდან კვლავ მარნეულში ძველ სამუშაო ადგილას დააბრუნონ.

როგორც ჟურნალისტებს  მოშიმშილე აქციის მონაწილემ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების აპარატის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ განუცხადა, ათი დღის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

“უჩა ხვთისიაშვილის ოჯახში მისული იყო გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლები და მას მოსთხოვეს რომ შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა სანამ არ იქმნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული მანამ გავაგრძელებთ შიმშილობას”, – განაცხადა პაატა ნინუამ.

მოშიმშილეები რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გადადგომას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან მოშიმშილეების მხარდამჭერები, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, ასევე მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები.

აქციებს პროფკავშირების აქტივისტები მართავენ – რკინიგზა

რკინიგზაში აცხადებენ, რომ უწყების შენობასთან აქციებს არა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, არამედ ირაკლი პეტრიაშვილის აქტივისტები მართავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილი ამბობს, რომ უწყების 13 ათასი თანამშრომლიდან მხოლოდ ერთთან, უჩა ხვთისიაშვილთან ვერ მოხერხდა შეთანხმება.

“საქმე იმაშია, რომ ეს პროცესები როგორც ვეჭვობდით მართულია მავანთა მიერ. სამწუხაროდ იკვეთება ირაკლი პეტრიაშვილის ალბათ, პოლიტიკური მიზნები და ამიტომ ამ აქციაში აქტიურად არიან ჩართულები პროფკავშირების წარმომადგენლები. შეხვედრა მქონდა ხვთისიაშვილთან, ისევე როგორც ყოფილ მეორე მოშიმშილე ვახტანგ ცისკარიშვილთან და არაერთხელ განვუმარტე მათ რომ ყველანაირად უზრუნველვყოფდი მათ შრომისა და დასვენების პირობებს, რომ რკინიგზა მათთან არ წყვეტდა ხელშეკრულებას. ამ პირობას ვახტანგ ცისკარიშვილი დათანხმდა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ხვთისიაშვილი არ გვთანხმდება, მაგრამ კიდევ ერთხელ თანახმა ვართ კვლავ გავესაუბროთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხვთისიაშვილს თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა კლარჯეიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არიან არა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, არამედ ირაკლი პეტრიაშვილის აქტივისტები.

მოშიმშილე რკინიგზელებთა რიცხვი გაიზარდა

“მოშიმშილე რკინიგზელებს ორშაბათიდან სხვა თანამშრომლებიც უერთდებიან ” – ეს განცხადება რკინიგზელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელმა დღეს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, მოშიმშილეთა რაოდენობა რვიდან ოცდაათამდე გაიზრდება. მოშიმშილეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება: თანამდებობები დატოვონ რკინიგზის ინფრატრუქტურის დირექტორმა – ვასილ ხორავამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკან აბრუნებდნენ, სიცრუეა.

აქციას, რომელიც 5 დღის წინ ორმა რკინიგზელმა დაიწყო, დღეს კიდევ 6 მოშიმშილე შეუერთდა.

რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობა რკინიგზის თანამშრობლებმა 15 აგვისტოს დაიწყეს .

რკინიგზის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს

აქციის მონაწილეთა თქმით , მათ აქვთ კარვის გაშლის უფლება კანონით . მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. გარდა პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისა, აქციას ასევე შეუერთდა სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”.

 

 

">