რეფერენდუმი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე

ენრიკ მილო, მადრიდის წარმომადგენელი კატალონიაში, დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას კატალონიის პრეზიდენტს და მის გუნდს აკისრებს. ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანებაში, რომლის დედაქალაქია ბარსელონა, დღეს დამოუკიდებლობის უკანონო რეფერენდუმი ტარდება, რომელსაც ენრიკ მილო “ფარსს” უწოდებს.

საარჩევნო უბანზე, სადაც კატალონიის პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ხმის მიცემას გეგმავდა, პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულებიც. დაპირისპირება რამდენიმე სხვა უბანზეც დაფიქსირდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კატალონია მაინც ცდილობს რეფერენდუმის ჩატარებას. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა “ტვიტერზე” თქვა, რომ კატალონიაში უსაფრთხოების დამატებითი ძალები იგზავნება და იქ საარჩევნო ურნებს ამოიღებენ. სულ ცოტა, ერთი უბნიდან ძალოვანებმა რეფერენდუმის ბიულეტენებისთვის განკუთვნილი ყუთები მართლაც წაიღეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ ამომრჩევლების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ვინაიდან მთავრობამ საარჩევნო უბანი დახურა და ურნები წაიღო, კატალონიის მთავრობის სპიკერი ამბობს, რომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა არა მათთვის განსაზღვრულ უბანზე, არამედ ნებისმიერ სხვა უბანზე მისცენ. კატალონიის მთავრობის განცხადებით, საარჩევნო უბნების 73 პროცენტი გახსნილია, თუმცა მათი კომპიუტერული სისტემები ჰაკერების გამუდმებულ თავდასხმას განიცდიან.

 

ინფორმაციას amerikiskhma ავრცელებს
">