რას ნიშნავს პოპულარობა სოციალურ ქსელში – „ფეისბუქის“ გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე

თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა კომუნიკაციების გამარტივებით, საქმიანობა გაუმარტივა თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულ ადამიანს. შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებსაც, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, არამხოლოდ ინფორმაციის დიდი აუდიტორიისთვის მიწოდება, არამედ უკუკავშირის მიღებაც შეუძლიათ. ინტერაქციული ურთიერთობა კი ზოგჯერ, ინფორმაციის წყაროს ცვლილების აუცილებლობის წინაშე აყენებს, რადგან მიმღები ითხოვს ამას.

თანამედროვე შემოქმედებიც – მწერლები, პოეტები, მხატვრები თუ მუსიკოსები, ახლა უკვე უფრო დიდსა და მრავალფეროვან აუდიტორიას გამარტივებული გზით უკავშირდებიან. საკითხავია, რამდენად ცდილობენ ისინი, საკუთარი ნამუშევარი, ამ – უფრო დიდსა და მრავალფეროვან აუდიტორიას მოარგონ.

ფაქტია, რომ ის, რასაც, მაგალითად, ლიტერატურის მოყვარული ლიტერატურულ ჟურნალში წაიკითხავს, სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ყველა ადამიანისთვის გასაგები, ან მიმზიდველი ვერ იქნება. ამიტომ, დღეს, გამრავალფეროვნებულ აუდიტორიაზე მუშაობისას, ფასი მარტივი ენით შეთავაზებულ ნაშრომს უფრო აქვს, ვიდრე – ლიტერატურის მოყვარული, თუნდაც, მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის მომზადებულს.

მსგავსი, ხარისხიანი ნამუშევრისთვის მზადმყოფ აუდიტორიაზე გათვლილი ნებისმიერი ნაწარმი ცუდად იყიდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყიდულობს მხოლოდ მცირე რაოდენობის მკითხველი, მსმენელი თუ დამთვალიერებელი და, შესაბამისად, შემოქმედის შემოსავალზე თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ გზით, პოზიტიურად ვერ აისახება.

მწერალი ივა ფეზუაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად აუდიტორიასთან გამარტივებული წვდომისა, მას მაინც ურჩევნია, დაბეჭდოს ნაწარმოები – თუნდაც მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის. ჟურნალი ცუდად იყიდება, გამოხმაურებაც ნაკლებია – იმავე ნომრის ელექტრონული ვერსია კი გაცილებით რეზონანსულია.

„ინტერნეტი ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია და თან მკითხველს მარტო ის აღარ აწყობს, რომ წაიკითხოს შენი მოთხრობა და მაგით დამთავრდეს. იქ კომენტარის დაწერა უნდა, პოსტი, დაშეარება უნდა. სამყარო გახდა ასეთი – ჩემი აზრი ამ რაღაცაზე და არა ის, რომ წავიკითხე და მორჩა“, – ამბობს მწერალი.

ის, რომ ონლაინსივრცეში მოთხრობა ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, არ ნიშნავს იმას, რომ კარგია. ივა ფეზუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ზოგჯერ ცუდსაც ნიშნავს: ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ნიშნავს იმას, რომ ბევრმა გაიგო; ბევრმა გაიგო ნიშნავს იმას, რომ მარტივია. და ზოგჯერ ეს სიმარტივე ხარისხის ხარჯზე მიიღწევა, – „პოპულარობა ხარისხს არ ნიშნავს არავითარ

შემთხვევაში. ხანდახან პირიქით – ცუდსაც ნიშნავს, ნაკლებად ხარისხიანს. რაღაცა, რაც ყველას ესმის, არის ყველასთვის და მარტივად გაკეთებული. სიმარტივე, მარტივი ენა სწორად უნდა

გამოიყენო. მარტივი – და უაზრო სხვა რამეა“.

ხარისხსა და პოპულარობას შორის კავშირს ვერ ხედავს ვერც პოეტი დავით სულთანიშვილი და არც ის ცდილობს, ყველას მოარგოს ლექსები. ინტერნეტმომხმარებელთა პოეზიის მოყვარული ნაწილი სოციალურ ქსელებში შექმნილ შესაბამის გვერდებს მარტივად პოულობენ. თუმცა, ლექსებს სოციალურ ქსელში, და – არამხოლოდ სოციალურ ქსელში, საზოგადოების დიდი ნაწილი არ კითხულობს. სამაგიეროდ, უფრო მეტი – უსმენს. პოეტების ნაწილი იუთუბს იყენებს – ავტორის მიერ წაკითხულ ლექსს უფრო მეტი მსმენელი ჰყავს, ვიდრე იმავე ლექსს მკითხველი – ფეისბუქში.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა მხატვრებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა: ნახატები ჩარჩოდან მაისურებზე, ჭიქებზე თუ სხვა ნივთებზე გადავიდა. მხატვარი ზურა ბალანჩივაძე მიიჩნევს, რომ ჩარჩოში ჩასმული ნახატის მსურველები შემცირდნენ, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ავტორების ნამუშევრებს კედელზე აღარ ჰკიდებენ – კედელზე გადატანილს ნახატს კი უფრო მეტი მსურველი ჰყავს.

„ნელ-ნელა არტი გადადის გამოყენებით ხელოვნებაში. მაგალითად, ხელით ნახატ მაისურებს უფრო მეტი ფასი აქვს – გიხატავენ იმას, რაც გინდა. რედიოჰედი, ჰარი პოტერი, შერლოკი, ბეტმენი იყიდება. მსგავსი ვიზუალებით თამაში – ბლოკნოტზე, ბალიშზე, მაისურზე „დაპრინტული“ თუ დახატული – ეს ბიზნესად იქცა და ამას სოციალურმა ქსელმა შეუწყო ხელი: ალტერ სოქსის წინდებით გადაღებულ ფოტოს რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში დადებ. ისეთი ნივთები გახდა ხელოვნების საყრდენი, რაც არის პრაქტიკული გამოყენების“, – აღნიშნავს ზურა ბალანჩივაძე.

მხატვრებმა შემოქმედებითად დაიწყეს ფიქრი – იმაზე, თუ რა გაყიდის ნამუშევარს: სუვენირებზე, ბლოკნოტებზე თუ სხვა ნივთებზე სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებული ნახატი გადაიტანეს და მყიდველის ემოციაზე იმუშავეს.

შემოქმედებით პროცესში, მიმართულების განსასაზღვრად მნიშვნელოვანი რესურსია სოციალურ ქსელში, სხვა ხელოვანების მიერ შექმნილ გვერდებზე წვდომაც: „თუ იცი ერთი-ორი სოციალური ქსელი, ფეისბუქის გარდა, ეს გეხმარება საბოლოოდ შენი თავი იპოვო – ხედავ საით მიდის ტენდენცია. ხელოვან ადამიანს შეუძლია, გაერკვეს, სად არის ის, ამ ყველაფერში: ათვალიერებ, სხვები რას ქმნიან, რაზე ფიქრობს ხელოვანთა უმეტესობა“, – ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.

მაგრამ მხოლოდ ტექნოლოგიების არსებობა, მისი გამოყენების გარეშე, არაფერს ცვლის. მომღერალ გოგონათა გუნდმა „გორდელამ“ თანამედროვე ტექნოლოგიები ცნობადობის უფრო მეტად გაზრდისთვის ეფექტიანად გამოიყენა. გუნდის წევრი ქეთი კვირკელია აღნიშნავს, რომ ანსამბლის შემოქმედება ახლა მსმენელისთვის უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ ამას რეპერტუარზე გავლენა არ მოუხდენია.

მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი კულტურა მასობრივია და საფრთხეც, რომ მასობრივმა კულტურამ შეიძლება ხარისხი დაკარგოს, დიდია. თანამედროვე ხელოვანები ამ საფრთხეს აცნობიერებენ და ჯერ კიდევ ტრადიციული მეთოდით მუშაობის გზით, ხარისხიან ნამუშევარს ინფორმაციის ნაკადში გათქვეფისგან იცავენ.

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.